ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავთანდილ ხურციძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს 
ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავთანდილ ხურციძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს 

ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„მსოფლიოში ჩვენი კოლეგა სამართალდამცავი ორგანოების წყალობით, ხურციძის მიერ გამოძალვა და ძალადობრივი ქმედებების ბატონობა დასრულდა, რადგან მას ახლა 10 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და ამ პერიოდის გატარება ფედერალურ ციხეში მოუწევს“, – აცხადებს მანჰეტენის პროკურორი ჯეფრი ბერმანი.

პროკურორის კომენტარი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ გუშინ გამართულ სხდომაზე, კრივში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ავთანდილ ხურციძეს, რომელიც პრესრელიზის თანახმად, რაჟდენ შულაიას კრიმინალური დაჯგუფების შემსრულებელი და მისი მთავარი ძალა იყო, 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„სასჯელი მოსამართლე ქეთრინ ფორესთმა გამოაცხადა. გადაწყვეტილება იყო გაგრძელება ივნისში, ხურციძის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტისა, რომლითაც ის რეკეტსა და თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურორი ბერმანი ასევე ხაზს უსვამს, რომ ავთანდილ ხურციძის როლი ყოფილი საბჭოთა კავშირის „ელიტურ“ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი პირების დაშინება და დასჯა იყო.

ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – „შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა.