მსოფლიო ჩემპიონი სასჯელის მოლოდინში - ავთანდილ ხურციძის ინტერვიუ ბრუკლინის ციხიდან
მსოფლიო ჩემპიონი სასჯელის მოლოდინში - ავთანდილ ხურციძის ინტერვიუ ბრუკლინის ციხიდან

ქართველი მოკრივე, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ამერიკულ ციხეში ზის, პირველ არხს ინტერვიუს საპატიმროდან აძლევს. სატელეფონო ზარი ჩვენს ნომერზე ციხიდან შემოდის.

This call is from a Federal Prison – ავტომოპასუხე გვატყობინებს, რომ ზარი ამერიკის ფედერალური ციხიდან ხორციელდება და გვთხოვს, დავადასტუროთ თანხმობა საუბრის სურვილზე. თანხმობის მიცემის შემდეგ ხაზზე ავთანდილ ხურციძეა.

ავთანდილ ხურციძე  – გამარჯობა, დიდი მადლობა რომ ჩემი ამბით დაინტერესდით, რომ გაგახსენდით.

პირველივე კითხვა პატიმარს ვერდიქტზე დავუსვით. სამი კვირის წინ ხურციძე ამერიკული სასამართლოს 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა დამნაშავედ ცნო – რეკეტსა და თაღლითობაში.

მარიამ ცარელაშვილი (პირველი არხის ჟურნალისტი) – ავთანდილ, ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ თქვენ დამნაშავედ გცნოთ, როგორია თქვენი პოზიცია ვერდიქტზე?

ავთანდილ ხურციძე – ნუ რაშია იცით საქმე, დაჯგუფება ხომ დააკავეს, ხოდა, ამ დაჯგუფებაში ძირითადად არის რეკეტი. რეკეტერინგი არ გაკეთდებოდა ისე, თუ მე არ ვიქნებოდი დაკავებული, რადგან ამ დაჯგუფებას არც იარაღი ჰქონდა, არც ტყვია-წამალი და შესაბამისად, მე რომ დამაკავეს აქედან გამომდინარე, იარაღის როლში მე გამოვდივარ, ესაა და სხვა არაფერი. იმიტომ მოხდა ჩემი გამტყუნება, რომ… ჩემი მეგობარი, ვინც არის დაკავებული (რაჟდენ შულაია), იმას თავისმა ადვოკატმაც უთხრა – ეგ ბოქსიორი რომ არ დაეჭირათ, ისე არ ყოფნიდათო შენზე და რეკეტს ვერ გაგიკეთებდნენო. ფაქტი ის არის, რომ არანაირი დაზარალებული არ ჰყავთ, არავის არაფერი აქვს წართმეული, არავისზე არაფერი წამირთმევია გარდა იმისა, ინფორმატორმა დანა რომ ამოიღო, გაშლილი ხელი გავარტყი და დანა წავართვი. აი ესა აქვთ, ეს ვიდეო და რომ დაიწყო ტრიალი, ატრიალეს ბოლომდე სასამართლოზე- ესაა ჩემზე სულ…

ავთანდილ ხურციძეს ორი კვირის განმავლობაში ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში საქმის მთავარ ფიგურანტთან, რუსეთის მოქალაქე, ე.წ. კანონიერ ქურდთან რაჟდენ შულაიასთან (მეტსახელად „პიტერსკი“) ერთად ასამართლებდნენ. 33 კაციანი დაჯგუფება, რომელსაც ამერიკელი გამომძიებლები „Shulaya Enterprise”-ად მოიხსენიებდნენ არაერთ დანაშაულში იყო ბრალდებული, მათ შორის რეკეტში, გამოძალვაში, თაღლითობაში, არალეგალურ აზარტული თამაშებში, სათამაშო აპარატების კომპიუტერული პროგრამით გატეხვასა და სიგარეტის კონტრაბანდაში. სახელმწიფო ბრალმდებელმა პირველივე პროცესზე განაცხადა, რომ ავთანდილ ხურციძე იგივე „ჩაქუჩა“, როგორც ჯგუფის ლიდერის რაჟდენ შულაიას „ცოცხალი იარაღი“ (Human weapon), შულაიას მევალეებისგან თანხების ამოღებას ძალადობრივი გზით ახორციელებდა. ხურციძის წინააღმდეგ პროკურატურამ მთავარ მტკიცებულებად სხდომაზე სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინა. მასალაში, ჩანს რომ ოთახში 5-6 კაცი ზის მაგიდასთან, ხურციძე დგება და სახეში ხელს ურტყამს შულაიას ერთ-ერთ მევალეს. „მევალე“- ალექსანდრე ქურცენკო FBI-ის ინფორმატორი აღმოჩნდა. ის სასამართლოზე ბრალდების მოწმედ დაკითხეს. ავთანდილ ხურციძესთან ინტერვიუს პროკურატურის მთავარ მოწმეზე და მთავარ სამხილზე განვაგრძობთ.

– ხელს ხომ ნამდვილად თქვენ ურტყამთ ქურცენკოს, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორი აღმოჩნდა. რატომ დაარტყით ხელი?

ავთანდილ ხურციძე – ის მკვლელი არის, გოგო. ბოდიში, გოგო რომ გითხარი. ის მკვლელი არის, დედას ვფიცავარ, არაადამიანი. პადვალში გაკოჭილი ადამიანები ჰყავდა. ის არის კრიმინალი, 20 წელი ციხეში ნაგდები. იმას ვარდი რომ დაეჭირა, იმის შემეშინდებოდა.. დანა ამოიღო კნოპკიანი, ის ხულიგნური დანები როა, ხო იცი…

– ფულის ამოღებაზე იყო დავა? თვითონ როგორც ყვება, ფულთან იყო დაკავშირებული. ქურცენკოს თქმით, მას შულაია სთხოვდა, დაებრუნებინა მოპარული თანხა.

– რაღაც მაგნაირი იყო, ხო, მაგრამ მე ვაფშე არ ვესწრებოდი მაგ იმას. მე მანქანები დავინახე, ნაცნობი მანქანები ქვევით. მეთქი, ბიჭებს ავუვლი და ამას სიტყვითაც ვამბობ, რომ ამოვედი მოსასალმებლადთქო, მე სულაც არ ვიყავი იქ დაძახებული და დაპატიჟებული იმ შეხვედრაზე. მე შემთხვევით ავდივარ იქ, სარბენი ტანსაცმელი მაცვია, მაგრამ ამას თავიდან ბოლომდე ძირიანად კი არ აჩვენებენ. იქ მომენტები აჩვენეს, რომ ვითომ შულაიამ მომცა მე კამანდა – დაარტყიო, მაგრამ ეს არსად არის დაფიქსირებული. მე დავარტყი ჩემი ინიციატივით, იმიტომ, რომ შემეშინდა. ისე გააკეთა ამ  კაცმა, დანა ისროლა, მერე ორჯერ მიაქვს ხელი და ეს ამოჭრილია. ადვოკატი იყო, იმას ვანახე ორჯერ. უკან წაიღო ხელი და რავიცი მე, იარაღი ჰქონდა კიდო თუ რა ჰქონდა, რა ვიცოდი მე. ეს ამოჭრილია. იმას არ აჩვენებენ, ხელი რომ უკან წაიღო.

– თქვენ რასაც ყვებით, ჩანს, რომ შულაია ჩართული იყო კრიმინალურ გარჩევებში, რაც დაკავშირებული იყო ფულთან.

– ნუ კამათი იყო, ხო. ის ფული მოიპარა, რაც მე გავიგე სასამართლოში. ის ფული მოიპარა იმ ინფორმატორმა და რატო მოიპარა, იმიტომ, რომ უნდოდა, გამოეწვია ეს ხალხი და მერე დანა დაააგდო სტოლთან. სანამ დანას დააგდებდა, ვოდკა დალია.

კრიმინალური გარჩევების ადგილი, საქმის მასალების მიხედვით, ნიუ იორკში, ბრუკლინში, ბრაიტონზე მოქმედი ქართული რესტორნის „ჯორჯიან ჰაუსის“ მეორე სართულზე მდებარე არალეგალური პოკერ კლუბი იყო. დღეს იმ ადგილას თმის სალონია გახსნილი.

– თვითონ ეს რა ფული იყო, არის თუ არა ზუსტად იმ პოკერკლუბიდან?

– რა ფული იყო, არ ვიცი, რაღაცა სათამაშო იგი ჰქონდათ, თავისი იგრავოი რაღაცა. თურმე, ისიც არალეგალური ყოფილა, მაგიც არ ვიცოდი მე. ხოდა, იქ მოგებული ფული იყო თუ წაგებული ფული იყო, ნუ ვიღაცის ფული დაიკარგა და ეს აიღო ქურცენკომ, დაავიწყდა მერე იმის გამორთვა, რაც ჰქონდა მიკროფონი, რასაც იწერდა და თვითონ თავის თავსაც იწერდა დებილი, ცოლს რომ ელაპარაკებოდა და აღმოჩნდა ცოლის და მაგის საუბარში, რომ მაგის აღებული არის 20 000 დოლარია თუ რაღაცა.

– ეს იყო არალეგალური სათამაშო აპარატების ბიზნესი?

– არა, აპარატების არა. კარტით თამაში როა ჩვეულებრივ, კაზინოში რომ თამაშები მიდის, ამნაირი რაღაცეები იყო გაკეთებული. პირველ ბრაიტონზე, კაცო, თამაში მიდიოდა, ხან დღისით, ხან ღამით. გარედან საერთოდ არაფერი ეწერა, თმის სალონიცაა იქ, თონეცაა, რესტორანიცაა, მაგას არაფერი ეწერა, კარები იყო ჩვეულებრივი, ადიოდი-ჩამოდიოდი. ის კარები რამე საიდუმლო და დაკეტილი კი არ იყო, კაცო, ყველა შედიოდა შიგ, რამდენი ხალხი იყო, იცი?

– თქვენ მონაწილეობდით ამ თამაშებში?

– დურაკას თამაშის გარდა, არ ვიცი არაფერი. არ მითამაშია ცხოვრებაში და მით უმეტეს, ფულზე.

– მიიჩნევთ, რომ უდანაშაულო ხართ და უსამართლოდ ზიხართ ციხეში?

– რა თქმა უნდა, უდანაშაულო ვარ. იცი რა ხდება, დანაშაული, ნუ მაქვს დანაშაული. რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია, მე რომ საერთოდ იქ აღმოვჩნდი, მაგრამ დანაშაულს ხომ თავისი კატეგორია აქვს და თავისი სახე აქვს. მე ჩემს თავთანაც ვარ დამნაშავე, რომ მე იმ დონის სპორტსმენი ვარ, ამნაირ რაღაცაში არ უნდა მომხვდარიყავი საერთოდ ახლოსაც კი, მაგრამ ეს ის არაა, რასაც პროკურატურა იძახის, აი ესო და ხელით რომ მათითებენ. რაის სალდატი და რაის რუსული მაფია. ერთი დოლარი არავისთვის წამირთმევია, რაცა მაქვს, ყველაფერი ჩემი შრომით. მე თავს დავდებ, სპორტსმენები არაფერ შუაში არაა. ჩვენ ვიყავით მაიმუნებივით, კაი მანქანაში ჩაჯდომა გვიხაროდა, რესტორანში წასვლა გვიხაროდა და ვინცხა რაღაცას ფიქრობდა ჩვენზე, რო, ა ეგენი დაცვაა და ეგეთი რაღაცა, რაის დაცვა კაცო, ჩვენ  ვიყავით მეგობრები, სიყვარული იყო, მეგობრობა იყო და ჩვენ არავინ მაგისთვის ფულს არ გვიხდიდა.

– თქვენ მეგობრობდით რაჟდენ შულაიასთან?

– ვმეგობრობდი კი არა, ძმასავით ვარ, ძმაკაცია, რას ქვია ვმეგობრობდი. აბა რა, ვმეგობრობდი, კი, მისი შვილიც მყავს მონათლული.

– იცოდით მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ?

– ეგი მე რა ვიცი დაიკო, მე რა ვიცი. ამერიკაში, მოგეხსენება, ვინ სად მუშაობს, ფულს საიდან იღებს, ისე რომ მუშაობს, ოფიციალურად, იმას ვერ გაიგებ, ვინ რას აკეთებს და ისე ვინ მოგიყვება შენ, ასე ვაკეთებ, ისე ვაკეთებო. მე, ძმაკაცის გარდა, კაის მეტი არაფერი დამინახია, რო დოუპატიჟებივარ სადმე რესტორანში, მოსულა ჩემთან ბრძოლებზე და ყურადღება და საქართველო და…

– მას მოიხსენიებენ როგორც კანონიერი ქურდს…

– ნუ ახლა, კანონიერი ქურდი რას ნიშნავს, მე საერთოდ ვერ ვხსნი მაგას. იმიტომ, რომ კანონი მთავრობისაა და ქურდი იგია, ვინც იპარავს ხო? მე კიდე გეუბნები, რომ მაგ კაცის მოპარული არ დამინახია არაფერი. კანონიერი როგორ უნდა იყოს, თუ მთავრობის წარმომადგენელი არაა. ახლა მე რო დევიძახო, ამირანი ვართქვა, დამიჯერებთ რო ჯაჭვები მექნება ხელებზე ჩამომბული? რა ვიცი, ახლა ვის რა მოატყუილა, ვის რა უთხრა და ვისთან რას ლაპარაკობს.

საუბრის პროცესში ავტომოპასუხე გვახსენებს, რომ ზარი ფედერალური ციხიდან ხორციელდება. პატიმარიც გვეუბნება, რომ ლიმიტი ეწურება და შეიძლება, ტელეფონი გაითიშოს. ავთანდილ ხურციძე ბრუკლინის ციხის პირობებს არ უჩივის. საუბრის დროსაც გაიხსენა, როგორ გააკვირვა, როცა საპატიმროში ნაყინი მიუტანეს.

Metropolitan Detention Center, Brooklyn (MDC) – ბრუკლინის მე-80 ქუჩაზე მდებარეობს. სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომელსაც ციხეების ფედერალური ბიურო მართავს, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ არის. დაწესებულებაში, რომელიც ფასადით საცხოვრებელ კორპუსს ჰგავს, 980 პატიმარია. ციხე ძირითადად ისეთ პატიმრებზეა გათვლილი, რომლებიც საკუთარ სასჯელს ელოდებიან. ასეთია ავთანდილ ხურციძეც. ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ, სასჯელის ზომა, ამერიკული საპროცესო კანონმდებლობით, მოსამართლემ უნდა განსაზღვროს. ქართველი სპორტსმენის საქმეს მოსამართლე ქეთრინ ფორესთი იხილავდა, ამიტომ სასჯელსაც სწორედ ის გამოაცხებს, უკვე წინასწარ ჩანიშნულ დღეს – 21 სექტემბერს.

– თქვენ ნაფიცმა მსაჯულებმა დაგიმტკიცეს რეკეტისა და თაღლითობის ორი ბრალდება, რომელიც ცალკე 20-20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორ აპირებთ თავის დაცვას?

– მე დავბრუნდები, აუცილებლად, 40 წელი იქნება, ერთი თუ სამი წელი, მე ვბრუნდები სააპელაციო სასამართლოში, აპელაციას დავწერ. მეთიშება ტელეფონი.

– ბოლოს გკითხავთ, ნანობთ თუ არა იმას, რაშიც გაეხვიეთ თქვენი მეგობრის, რაჟდენ შულაიას გამო?

– ხო, რა თქმა უნდა, ვნანობ, იასნია ვნანობ, აბა ხო არ გამიხარდება. მაგის გამო ციხეში მოვხვდი და… კიი, ვნანობ.

 

ტელეფონი ითიშება… მსოფლიო ჩემპიონი კრივში, რომელმაც პატიმრობის გამო ტიტულიც დაკარგა და თავისუფლებაც, ახლა სასჯელის მოლოდინშია. 21 სექტემბერს, როცა მოსამართლე პატიმრობის ვადას გამოაცხადებს, ავთანდილ ხურციძეს ამერიკულ საპატიმროში ყოფნიდან უკვე ერთი წელი და სამი თვე შეუსრულდება. პირველ არხს ხურციძის ადვოკატებმა ელექტრონული ფოსტის მიმოწერაში განუმარტეს, რომ „ფედერალური კანონმდებლობით, მხოლოდ მოსამართლეს აქვს დისკრეცია, ბრალდების ორ მუხლზე სასჯელი ან ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით განსაზღვროს“. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ათვლა ორივე ბრალდებაზე ერთად დაიწყოს ან პირიქით, შეკრებითობის პრინციპით დაჯამდეს. ადვოკატები პირველ ვარიანტს მოითხოვენ. საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს პროკურატურაც. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ორივე მხარის არგუმენტებს მოისმენს და  გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ცნობილი გახდება ადვოკატების შემდეგი ნაბიჯები. დამცველებმა უკვე წინასწარ გვითხრეს, რომ აპელაციის უფლებას გამოიყენებენ და ზემდგომ ინსტანციას სააპელაციო საჩივრით მიმართვენ.