აშშ-ში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს
აშშ-ში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს

ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე  ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს.

ამ ეტაპზე, უცნობია, რამდენი წლით პატიმრობას მიუსჯის მოსამართლე ხურციძეს. ის გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

მას შემდეგ, რაც ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი გახდა ცნობილი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა პრესრელიზი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ „კანონიერი ქურდი“ რაჟდენ შულაია და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში.

მანჰეტენის პროკურორის ჯეფრი ბერმენის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადასტურეს ბრალი, რომლის მიხედვითაც შულაია და ხურციძე ჩართული იყვნენ კრიმინალურ სქემაში, რომელიც შეიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ქურდობასა და თაღლითობას.

შულაია, „კანონიერი ქურდი“ რუსეთიდან – ამერიკის კანონმდებლობით უკვე დამნაშავედ ცნობილი ქურდია. ორივე ბრალდებული (შულაია და ხურციძე) ახლა საკუთარ დანაშაულებზე სასჯელს ელოდება“, – ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

პროკურორი განმარტავს, რომ ხურციძეს ბრალი რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობაში დაუდასტურდა, რა ბრალდებებიც ცალ-ცალკე 20-20 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სასჯელის ზომას მოსამართლე კანონმდებლობის შესაბამისად თავად გადაწყვეტს.

საქმის არსებითი განხილვა ავთანდილ ხურციძის დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე დაიწყო. ქართველ მოკრივეს საქმის მთავარ ფიგურანტთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან რაჟდენ შულაიასთან ერთად ასამართლებდნენ.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – „შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები. ე.წ. შულაია ენთერფრაიზის დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად „ჩაქუჩა“ საბრალდებო მასალების მიხედვით რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.