რუსუდან გოცირიძე - მიხარია, რომ პირველი არხი იმ ფერებს ასხივებს, რა ფერებისგანაც შედგება საზოგადოება
რუსუდან გოცირიძე - მიხარია, რომ პირველი არხი იმ ფერებს ასხივებს, რა ფერებისგანაც შედგება საზოგადოება

საზოგადოებრივ მაუწყებელს მინდა მივულოცო როგორც ეს პროექტი – „მრავალფეროვანი საქართველო“, ასევე მივულოცო ის ახალი ტალღა, რომელსაც ძალიან ვგრძნობთ მთელი საქართველო. განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ პირველი არხის ახალი პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ პრეზენტაციისას განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ ეს ტელევიზია იმ ფერებს ასხივებს, რა ფერებისგანაც შედგება საზოგადოება. გილოცავთ, ეს არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ყველა ხნის ადამიანისთვის ის საშუალება, რომ დავინახოთ, რამდენად მდიდარია ჩვენი კულტურა, საზოგადოება და ჩვენი გამოცდილება“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

პირველმა არხმა ახალი პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია დღეს გამართა.

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთისა და სომხეთის ელჩები, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.