რუსთავში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ დატოვება აიკრძალა

16:00, 25.10.2019

რუსთავის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი დაამტკიცა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალა.

მეთვალყურეობის ქვეშ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა მსხვილფეხა პირუტყვისთვის, გადარეკვის მიზნებისათვის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ქუჩებზე იქნება შესაძლებელი. საკრებულომ ამისთვის შესაბამისი საათებიც დაადგინა – გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 06:00 საათდან 08:00 საათამდე და 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში 08:00 საათიდან 10:00 საათამდე და 17:00 საათადან 19:00 საათამდე.

წესის დარღვევის შემთხვევაში, პირუტყვის მესაკუთრისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით – 20 ან 50 ლარის ოდენობით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უპატრონო პირუტყვი ექვემდებარება სპეციალურ სადგომზე გადაყვანას. თუ პირუტყვს პატრონი 30 დღის განმავლობაში არ გამოუჩნდება და ჯარიმას არ გადაიხდის, პირუტყვის რეალიზაცია აუქციონის წესით მოხდება.

მსგავსი