„რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სანდრო ბრეგაძე გამოიკითხა
„რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სანდრო ბრეგაძე გამოიკითხა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სანდრო ბრეგაძე გამოიკითხა.

როგორც ბრეგაძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პოლიციაში მოწმის სახით იყო დაბარებული.

მისივე თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდა.

„ტელევიზიასთან მივედი მაშინ, როდესაც ინციდენტი გაბუნიასა და ახალგაზრდებს შორის უკვე ამოწურული იყო.

ცალსახად შემიძლია განგიცხადოთ, რომ დაკავებული „ქართული მარშის“ წევრები სრულიად უდანაშაულოები არიან. დიდი იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ახალგაზრდები გათავისუფლდებიან.

ჩათვალეთ, რომ მე და თითოეული ჩვენგანი, რომელიც ახლა აქ იმყოფება, ამ ბიჭებთან ერთად თავს პატიმრებად ვთვლით”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სანდრო ბრეგაძემ ამ ეტაპზე გამოძიებასთან ითანამშრომლა.

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, ბრეგაძეს პოლიციაში გამოკითხვაზე კვლავ დაიბარებენ.