პარტიამ „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა” „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართა
პარტიამ „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა” „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართა

პარტიამ „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა” თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართა.

აქციაზე პლაკატებითა და ტრანსფარანტებით მისულებმა განაცხადეს, რომ დავით გარეჯი მიხეილ სააკაშვილის გაყიდულია და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ეს მოღალატეობრივი ქმედება არ უნდა შერჩეს.

მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან „ქართული მარში“ საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალებას არ მისცემს.

ამასთან, „ქართული მარში“ ორშაბათიდან „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს აანონსებს.

„ორშაბათიდან დაიწყება პერმანენტული აქციები მოღალატეების – სააკაშვილის, ვაშაძის, ბოკერიას დასჯის მოთხოვნით, სამშობლოს ღალატისთვის. აგრეთვე დაიწყება კამპანია, რომ მოღალატე პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მოიხსნას არჩევნებიდან, რადგანაც ტერიტორიებისა და სიწმინდეების გამსხვისებელ და გამყიდველ პარტიას არ აქვს მორალური უფლება, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. დამთავრდა, ჩვენ კოჰაბიტაციას აღარ გავაგრძელებთ და არც მივცემთ არავის უფლებას, მკვლელთან, ნაძირლებთან, მიწის გამყიდველებთან და ადამიანების გამაუპატიურებლებთან კოჰაბიტაციაში ვიყოთ, ეს არის დანაშაული. რევოლუცია კი არა, სათითაოდ პასუხისგება მოუწევთ.  მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება რადიკალური საპროტესტო აქციები. დაბოქლომდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა კარები”, – განაცხადა „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქციის შემდეგ აქციის მონაწილეებმა დავით გარეჯის მიმართულებით ავტომანქანებით მსვლელობა გამართეს.