„რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია მიმდინარეობს [ფოტო]
„რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია მიმდინარეობს [ფოტო]

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია დაახლოებით ორი საათია, მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომელთა თქმით, შეშფოთებულნი არიან იმ განცხადებით, რომელიც გუშინ გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში მოისმინეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ აიღოს პასუხისმგებლობა ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო. მათივე თქმით, თანამდებობა უნდა დატოვოს არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.

ადგილზე შეკრებილები ასევე გამოეხმაურნენ „რუსთავი 2“-ის განცხადებას გიორგი გაბუნიასთვის უფლებამოსილების ორი თვით შეჩერების შესახებ. მათი თქმით, უფლებამოსილების ​ორთვიანი შეწყვეტა არ არის მისაღები და გიორგი გაბუნიამ უნდა დატოვოს ტელეკომპანია.

აქციის მონაწილეების თქმით, მას შემდეგ დაიშლებიან, რაც მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეები ასევე გამოეხმაურნენ ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ადგილზე მყოფები შესაძლოა „რუსთავი 2“-ის შენობაში შეიჭრან. მათი თქმით, შენობაში შეჭრას არ აპირებენ და მშვიდობიანი პროტესტისთვის არიან შეკრებილები.

ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი სიტყვიერად დაუპირისპირდა „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს.

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთეს აქციის ორგანიზატორებმა. მათი თქმით, ადგილზე შესაძლოა, იყვნენ პროვოკატორები, რომლებმაც მოინდომონ „რუსთავი 2“-ის ტერიტორიაზე შესვლა, თუმცა ორგანიზატორებმა ადგილზე მყოფებს მოუწოდეს, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი და როდესაც აქციის ორგანიზატორები მიიღებენ დაშლის გადაწყვეტილებას მშვიდობიანად დაიშალონ.

მოქალაქეებს „რუსთავი 2“-ის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია თითქმის მთლიანად აქვთ დაკავებული. აქციაზე არ გამოჩენილან პოლიტიკოსები. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.