რუსთაველის თეატრში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო „ლექსო, არ დაიკარგები“ გაიმართება
25 ნოემბერს, შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამოს „ლექსო, არ დაიკარგები“ 40 წლის იუბილე გაიმართება.
საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ძველი და დღემდე უცნობი მელექსეები, იუმორის დიდოსტატები, მომღერლები და მოცეკვავეები.
საიუბილეო საღამო ფოლკლორის ყველა დარგს მოიცავს. წარმოდგენილი იქნება ხალხური ლექსი, ხალხური მუსიკა, ცეკვა.
პროექტის მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების ფოლკლორული საღამოების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება.
საღამოს გაუძღვებიან ფოლკლორისტები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ხალხური პოეზიის საღამოები სახელწოდებით „ლექსო, არ დაიკარგები“, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2008 წელს აღადგინა.
ღონისძიება 25 ნოემბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.