რუსთაველის თეატრთან აქციაზე „გილდიას“ წევრებსა და თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის თეატრთან აქციაზე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდიას“ წევრებსა და თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსახიობების განმარტებით, მათი გაღიზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მისამართით არასწორი განცხადებების გაკეთებას მოჰყვა.

როგორც მსახიობები ამბობენ, აქციის მონაწილეებმა რობერ სტურუაზე განაცხადეს, რომ არის მოძალადე და რეპეტიციაზე შეურაცხყოფას აყენებს ქალებს, მოგონილი და ჭორია.

მსახიობების თქმით, ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად, რაც თეატრს შეეძლო გაეკეთებინა, უკვე გააკეთა, თეატრი კი ძალადობას გმობს.

„გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს რობერტ სტურუამ წაახალისა ბესო ზანგური. ორი რაღაც ხდება, აგერ წერია, რომ სპექტაკლი „იულიუს კეისარი“ გადადებულია, ისიც გაიგეთ, რომ მოხსნილია ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან. იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, ეს გააკეთა, ჯერ სხვა აღარაფერი შეუძლია. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რა თქმა უნდა, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას. ორჯერ ორი ოთხია“, – განაცხადა მსახიობმა, გოგა ბარბაქაძემ.

განმარტება გააკეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „გილდიის“ დამფუძნებელმა, გიგა ბექაურმა. მისი თქმით, რობერტ სტურუას განცხადებები ძალადობას ახალისებს.