რუსთაველის გამზირზე ტერიტორია, სადაც კარავებია გაშლილი, სამართალდამცველებმა ჯებირებით შემოსაზღვრეს [ფოტო]
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია, სადაც სამი კარავია გაშლილი, სამართალდამცველებმა ჯებირებით შემოსაზღვრეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე ამ დრომდე რჩება აქციის რამდენიმე მონაწილე.
რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი პერიმეტრზე რჩებიან, თუმცა კარვების სიახლოვეს აქციის მონაწილეებთან გასაუბრების მიზნით პოლიციელები აღარ გამოჩენილან.
ამ დრომდე ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა ზაზა სარალიძე. ის სავარაუდოდ კარავში იმყოფება.
გამთენიისას პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში სამართალდამცველები იყვნენ შესული. როგორც ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა განაცხადეს, სამართალდამცველები კარავში დაუკითხავად შევიდნენ და აქციის წარმომადგენლებთან გასაუბრება მოითხოვეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, პოლიციელებმა განუცხადეს, რომ აქციაზე ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ არის, რათა გზა იყოს გადაკეტილი.