რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ქალი სავარაუდოდ დღეს გათავისუფლდება
რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ქალი სავარაუდოდ დღეს გათავისუფლდება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსი სამხედროების მიერ 37 წლის ქალის დაკავების ფაქტი ოკუპაციის რეალური სახის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სქესსა და ასაკს. სამი შვილის დედა საკუთარ კარმიდამოში, ოჯახის წევრების თვალწინ რუსმა სამხედროებმა დააკავეს, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილია სამართლებრივი და ჰუმანური ჩარჩოებიდან. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ასეთი მანკიერი პრაქტიკა უკვე 10 წელია, რაც გრძელდება 2008 წლიდან მოყოლებული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, დადასტურებულია, რომ დაკავებული ქალი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
„დადასტურებულია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ის ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ჩვენი მცდელობა და მთავარი ამოცანა ინციდენტთან მიმართებაში გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება მალე და რაც მთავარია, უვნებლად დაუბრუნდეს ქალბატონი მის ოჯახს. საუბარია, რომ შესაძლოა, გატაცებული ქალბატონი მის ოჯახს ორშაბათს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს.