რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ქალაქ მელიტოპოლში მოქალაქეები მერის გატაცებას აპროტესტებენ
რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ქალაქ მელიტოპოლში საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტები რუსების მიერ ქალაქის მერის გატაცებას აპროტესტებენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, მოქალაქეები რუსების მიერ დაკავებულ საქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ და მელიტოპოლის მერის, იგორ ფედოროვის გათავისუფლება მოითხოვეს.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათასობით ადამიანი უკრაინის დროშებით ხელში სკანდირებს „თავისუფლება მერს“.
11 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მერი გაიტაცეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მომხდარის გამო, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეადარა.
რუსეთის მთავრობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.