რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ყირიმში დააკავეს შვიდი ადამიანი, რომლებიც დივერსიული და ტერორისტული აქტების სერიას გეგმავდნენ
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ყირიმში მათ უკრაინის დაზვერვასთან დაკავშირებული შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც დივერსიული და ტერორისტული აქტების სერიას გეგმავდნენ.
რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, ჯგუფის წევრები რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელმძღვანელზე, სერგეი აქსიონოვზე და სხვა სეპარატისტ ლიდერებზე თავდასხმას აპირებდნენ.
როგორც „ფეესბეში“ აცხადებენ, მათ ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობლობები, რომლებიც იდენტურია იმ ასაფეთქებლების, რაც გამოყენებული იყო თებერვალში ყირიმში რკინიგზაზე თავდასხმისას.
აქსიონოვის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ დაკავებულების უკან უკრაინის მთავრობა დგას. ამასთან, მას არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ტერაქტების უშუალო ორგანიზატორი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელთან, კირილ ბუდანოვთან დაკავშირებული პირია.
უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.