რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დააკავეს უკრაინის მიერ გადაბირებული რუსი მეზღვაური, რომელიც ქვეყნის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმას გეგმავდა
რუსეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს უკრაინის მიერ გადაბირებული რუსი მეზღვაური, რომელიც ქვეყნის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
რუსეთის სპეცსამსახურებში ამტკიცებენ, რომ დაკავებული მეზღვაური რუსეთის შავი ზღვის ფლოტში მსახურობდა და კიევის დავალებით აფეთქების მოწყობას გეგმავდა ერთ-ერთ რუსულ გემზე, რომელსაც მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტები გადააქვს.
„ფეესბეში“ აცხადებენ, რომ დაკავებულს აღმოუჩინეს ორი ხელნაკეთი ბომბი, რომელთა სიმძლავრე, საერთო ჯამში, ერთი კილგრამი ტროტილის ეკვივალენტურია. ამის დამამტკიცებელი საბუთები რუსეთის სპეცსამსახურებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტერორიზმის, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ გადატანის, სახელმწიფო ღალატისა და სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების მუხლებით.