რუსეთის სახელმწიფო დუმა პრემიერად მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურაზე ხვალ იმსჯელებს
რუსეთის სახელმწიფო დუმა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილ ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურას.
ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა დუმის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვოლოდინის თქმით, პლენარულ სხდომამდე ყველა პარლამენტარს ექნება მიშუსტინისთვის კითხვის დასმის საშუალება.
რეგლამენტის თანახმად, პრემიერობის კანდიდატმა დუმის წევრებს მომავალი მთავრობის საქმიანობის პროგრამა უნდა წარუდგინოს.
ამასთან, ვოლოდინმა აღნიშნა, რომ დუმის წევრებს მიშუსტინთან რიგგარეშე სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა არ განუხილავთ.
რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით მას შემდეგ გადადგა, რაც ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა.
მიხაილ მიშუსტინი რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობს.