რუსეთის პრემიერის პრესმდივანი - მიხაილ მიშუსტინთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში იქნებიან და ტესტირება ჩაუტარდებათ
რუსეთის პრემიერის პრესმდივანი - მიხაილ მიშუსტინთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში იქნებიან და ტესტირება ჩაუტარდებათ

რუსეთის პრემიერ-მინისტრთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში იქნებიან და მათ ტესტირებას ჩაუტარებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრემიერის, მიხაილ მიშუსტინის პრესმდივანმა, ბორის ბელიაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, თავად პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

ამასთან, პრემიერის პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, ჰქონდა თუ არა რუსეთის მთავრობის მეთაურს ბოლო პერიოდში პირადი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიშუსტინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრების უმეტესობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ატარებდა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი აქვს. მიხაილ მიშუსტინმა ამის შესახებ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში აცნობა პრეზიდენტ პუტინს. რუსეთი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი შეასრულებს.