რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს ავარიული გასასვლელები დაბლოკილი იყო
კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს ავარიული გასასვლელები დაბლოკილი იყო, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში გაკეთეს. გამოძიება საუბრობს სხვა დარღვევებზეც. ასევე ირკვევა, რომ ხანძრის შესახებ სიგნალის მიღების დროს კერძო კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეტყობინების სისტემა გათიშა.
საგამოძიებო კომიტეტი ამ ადამიანის დაკავებას განიხილავს. ის მეხუთე ეჭვმიტანილია, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ადანაშაულებენ.
უკვე დაკავებული ოთხი ადამიანი გამომძიებლებმა დაკითხეს. მათ შორის არიან შენობის მეპატრონე, კომპანიის ტექნიკური დირექტორი, ასევე ადამიანი, რომელიც შენობაში მდებარე იმ სივრცეს ქირაობდა, სადაც ხანძარი გაჩნდა.
დაპატიმრებულია სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობაზე პასუხისმგებელი კომპანიის უფროსიც.
„გამოძიებამ უკვე მიიღო საკმარისი ინფორმაცია შენობაში არსებული დარღვევების შესახებ, რის გამოც მძიმე შედეგი დადგა. ეს შეცდომები დაშვებულია სავაჭრო ცენტრის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესშიც“, – ნათქვამია განცხადებაში.
თვითმხილველები ყვებიან, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის შემდეგ ადგილზე სულ სამი სახანძრო მანქანა მივიდა და ისინი ცეცხლის კერამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ.
კემეროვოს მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი, კიდევ 10 საავადმყოფოში რჩება.