რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი რუსეთის იმ მოქალაქეების ქონების დაყადღების შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ „რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ მოქმედებენ
რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი რუსეთის იმ მოქალაქეების ქონების დაყადღების შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ „რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ მოქმედებენ

თათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა, დააყადაღონ რუსეთის იმ მოქალაქეების ქონება, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ ეწევიან „რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო“ საქმიანობას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების ტექსტი სახელმწიფო დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

განმარტებით ბარათში ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროთ ოპოზიციურად განწყობილ სხვა ქვეყანაში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, თუ ისინი რუსეთის ფარგლებს გარეთ მოქმედებენ.

ინიციატივის ავტორები ასევე ამტკიცებენ, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსი ემიგრანტები უფრო ხშირად ახორციელებენ „საჯარო ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის საფუძვლების დარღვევისკენ მოწოდებებთან“.

„ახალი შესწორებების მიზანია ასეთი ქმედებების „აღკვეთა“, – განაცხადეს თათრეთის დეპუტატებმა.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, იმ რუსების ქონების დაყადაღება, რომლებმაც საზღვარგარეთ დაარღვიეს რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საჭიროა, რათა არ მოხდეს „რუსული სასამართლოს მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სასჯელის შესრულებისგან თავის არიდება“.

ქვეყნიდან წასულ სამართალდამრღვევებს სანქციების შესახებ ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით შეატყობინებენ ან ამ ინფორმაციას მათი კანონიერი წარმომადგენლები მიიღებენ.

2023 წლის გაზაფხულზე თათრეთის სახელმწიფო საბჭომ უკვე შეიტანა მსგავსი კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში, მაგრამ მაშინ რუსეთის მთავრობამ ის დახვეწის მიზნით უკან დააბრუნა.