რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. პანდემიის გამო მიღებული ახალი წესის მიხედვით, დუმის არჩევნები სამი დღის განმავლობაში გაიმართება. პირველი უბნები უკვე გაიხსნა კამჩატკის მხარესა და ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში.

არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. სულ პარტიულ სიებში დარეგისტრირებულია 3 812 ადამიანი, ხოლო ერთმანდატიან ოლქებში – 2 020.

აღსანიშნავია, რომ წელს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „არასისტემური ოპოზიციის“ წარმომადგენელთა ნაწილის მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმეები, რის გამოც ისინი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა.

ოპოზიციონერი კანდიდატების ნაწილმა ასეთი საქმეების გახსნის საფრთხის გამო თქვა უარი კენჭისყრაზე. მათ შორის იყო დმიტრი გუდკოვი და ალექსანდრ სოლოვიოვი. მოგვიანებით, ისინი რუსეთიდან გაემგზავრნენ.

მაისში ხელისუფლებამ დაამტკიცა კანონი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრებს. სწორედ ასეთ ორგანიზაციად გამოაცხადეს ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“, რის გამოც ნებისმიერ პირს, ვისაც კავშირი ჰქონდა აღნიშნულ ფონდთან, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საბაბით, რუსეთის ხელისუფლებამ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას არჩევნების მეთვალყურეობის მიზნით, მხოლოდ 60 ადამიანის გაგზავნის უფლება მისცა, რის გამოც ეუთო-მ საერთოდ უარი თქვა რუსეთში მონიტორინგის მისიის გაგზავნაზე.

სადამკვირვებლო მისია ეყოლება მხოლოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. სულ ხუთი დამკვირვებელი.

დუმის ახალ შემადგენლობასთან ერთად, მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის ცხრა სუბიექტის მეთაურს და 39 რეგიონული პარლამენტის წევრებსაც ირჩევენ.

დატოვე კომენტარი