სირიის ქალაქ დუმაში გაეროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს
სირიის ქალაქ დუმაში გაეროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს

სირიის ქალაქ დუმაში გაეროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ჯგუფი სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილას მისვლას ცდილობდა, თავდასხმის გამო კი ინსპექტორები იძულებულნი გახდნენ, ქალაქი დაეტოვებინათ.

მანამდე გაეროში სირიის ელჩმა განაცხდა, რომ გაეროს ჯგუფი დუმაში 17 აპრილს შევიდა, სირიის მთავრობამ კი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომა მიიღო.

სირიის ქალაქ დუმაში სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ რამდენიმე ორგანიზაციამ ინფორმაცია 7 აპრილს გაავრცელა. დასავლეთის ქვეყნებმა ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიის ხელისუფლება დაადანაშაულა, 14 აპრილს კი სირიის საკვლევი ცენტრი და ავიაბაზები დაბომბა. სირიის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და პროვოკაციად აფასებს.