რუხის საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი არასრულწლოვანი დღესვე დატოვებს
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან კიდევ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტის განმეორებითმა შუალედურმა კვლევამ კორონავირუსზე სამი პაციენტის ტესტზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. ეს ნიშნავს, რომ სამივე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ისინი უახლოეს საათებში დატოვებენ საავადმყოფოს.
თუმცა, როგორც ქარცივაძე ამბობს, სამივე პაციენტმა ორკვირიანი თვითიზოლაცია უნდა დაიცვას და სპეციალური გაიდლაინებით გააგრძელოს მკურნალობა. სამივე გამოჯანმრთელებული პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდანაა და სამივე არასრულწლოვანია.
სულ ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში რვა პაციენტია. სამი კოვიდინფიცირებული პაციენტის გაწერის შემდეგ, კლინიკაში ორი პაციენტი რჩება კორონავირუსით. მათ შორის ერთი იმავე კლასტერიდანაა, რომელსაც დღეს გამოჯანმრთელებულები განეკუთვნებიან. მეორე ინფიცირებული კი, 70 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელსაც საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. ლუგარის ლაბორატორიაში ანტისხეულებზე კვლევის შედეგების მიხედვით, მამაკაცის ვირუსი მილევად ფაზაშია.
რუხის საავადმყოფოს კორონავირუსისგან უკვე 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.