რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა ქალაქ თელავში მუშაობა დაიწყო, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლამ განაცხადა.
მეხუზლამ დღეს ბრიფინგზე 2019 წლის რთველის მზადებასა და მოლოდინებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი უკვე იმყოფება თელავის მუნიციპალიტეტში და რთველის პროცესის ორგანიზებულად დაგეგმვაში მონაწილეობს.
ამასთან, წელს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, რთველის მიმდინარეობისას გარკვეულ სირთულეებს ელიან, რადგან ამ ბაზარზე მეხუზლას განცხადებით, ბოლო პერიოდში არაერთი ნეგატიური მოლოდინი შეიქმნა, რამაც საბოლოოდ, კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
„2019 წლის ზაფხულის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი სანქციების დაწესებამ, გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შემცირდება. მწარმოებლების განცხადებით, ისინი დაგეგმილთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებენ, რადგან შესაძლოა, მათ ღვინის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ“, – აღნიშნა მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთში მაისის თვეში ექსპორტირებული იყო 4 522 250 ბოთლი ღვინო, ივნისში – 4 209 866, ხოლო ივლისში ექსპორტი შემცირდა – 3 550 264 ბოთლამდე, რაც 27 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ივლისის თვის ექსპორტის მაჩვენებელზე, 28 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის მაისის თვის მონაცემზე და 18 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის ივნისის მაჩვენებელზე.
როგორც მეხუზლამ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში მეღვინეობის დარგში არსებულმა ჯანსაღმა და კონკურენტუნარიანმა გარემომ, შესაძლებელი გახადა, რომ 2017 წელს ნაწილობრივ და 2018 წელს სრულად, რთველი პირველად ჩატარებულიყო სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. 2018 წელს გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის 230 ათასზე მეტი ტონა ყურძენი, ხოლო მევენახეების შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა.
მისივე თქმით, ამასთან ერთად, წელს კახეთის რეგიონში 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რაც ასევე ქმნის მოლოდინს, რომ თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაბალი იქნება.
„აღნიშნულის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში შესაძლო პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს და 2019 წლის რთველმა მაქსიმალურად შეფერხებების გარეშე ჩაიაროს“, – განაცხადა მეხუზლამ.
რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ განთავსდა და სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.