70 წლის წინ, აპრილის ბოლო კვირაში, ახალ ამბებში იტყობინებოდნენ, რომ მეცნიერებმა დნმ-ის ორმაგი სპირალური სტრუქტურა აღმოაჩინეს; საქმე ეხებოდა გენეტიკურ მასალას, ქიმიური ძაფებით გადაბმულ, ერთმანეთში გადაგრეხილ ორ სპირალს, რომელშიც მთელი სიცოცხლეა ჩაშიფრული.
დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენას სამი ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნებული პუბლიკაცია იუწყებოდა, რომელთა ავტორებიც ახლა კარგად ცნობილი ადამიანები იყვნენ. მათ შორის იყო როზალინდ ფრანკლინი, რომელიც ამ ამბიდან სულ მალე გარდაიცვალა საკვერცხის კიბოთი. ასე წაერთვა მას საკუთარი წვლილით სიხარულისა და სათანადოდ აღიარების ხილვის შანსი.
ცხოვრება გაგრძელდა და მის ნაცვლად, ნობელის პრემია ფრენსის კრიკმა, ჯეიმზ უოტსონმა და ფრანკლინის კოლეგამ, მორის უილკინსმა მიიღეს, მათვე დაწერეს ბესტსელერი წიგნები, დაუსრულებლად საუბრობდნენ, თუ როგორ აღმოაჩინეს დნმ-ის სტრუქტურა ახლა საკმაოდ ცნობილი ფოტოსურათის, სახელად „ფოტო 51-ის“ საშუალებით.
სურათზე გამოსახულ ბუნდოვან, გაფანტულ წერტილებს წარმოქმნიდა დნმ-ის მოლეკულური სტრუქტურიდან არეკლილი რენტგენული სხივები. ფოტო უილკინსის მოსწავლემ, ქიმიის სტუდენტმა რეიმონდ გოსლინგმა გადაიღო და თითქმის არაფერს ნიშნავდა ფრანკლინის ექსპერტული ინტერპრეტაციის გარეშე.
მას შემდეგ განხილვის საგნად იქცა, რა როლი ითამაშა აღმოჩენაში ფრანკლინის გამოცდილმა თვალმა.
ახლახან, ორმა მეცნიერმა, რომლებიც უოტსონისა და კრიკის ბიოგრაფიას წერენ, დნმ-ის ორმაგი სპირალის აღმოჩენაში ფრანკლინის როლის შესახებ უფრო მეტი დეტალი გაარკვიეს; ყველაფერი მათ ერთი წერილისა და 1950-იანი წლების ერთ-ერთი გამოუქვეყნებელი ახალი ამბების სტატიის გაცნობის შემდეგ შეიტყვეს.
„ეს დოკუმენტები ორმაგი სპირალის აღმოჩენის განსხვავებულ ამბავს გვიყვება. ფრანკლინს სულაც არ გამოჰპარვია დნმ-ის სტრუქტურა. მან თანაბარი წვლილი შეიტანა მის აღმოჩენაში“, — წერენ ზოოლოგი მეთიუ კობი და სამედიცინო ისტორიკოსი ნათანიელ კომფორტი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ პუბლიკაციაში.
კობმა და კომფორტმა ფრანკლინის ჩანაწერების არქივი შეისწავლეს, რათა გაეცოცხლებინათ მისი იდეები, წარმოეჩინათ, თუ რამდენად ღრმა იყო მარი კიურის ყოფილი სტუდენტის შრომა იმ ერთი ფოტოსურათის მიღმა, რომლითაც ის დღეს ყველაზე მეტად არის ცნობილი.
ფრანკლინმა რენტგენული დიფრაქციის ფოტოებს მრავალი ანალიზი ჩაუტარა, მონაცემებს კი არაოფიციალურ ანგარიშში იწერდა. შემდეგ ისინი უოტსონისა და კრიკის ხელში მოხვდა, სრულიად უნებართვოდ და სწორედ ასე დაადასტურეს მათ დნმ-ის საკუთარი თეორიული მოდელი.
„მოლეკულა წარმოადგენს დიდ სპირალს რამდენიმე ჯაჭვით, გარედან ფოსფატები აქვს, სპირალთშორის ფოსფატ-ფოსფატური ბმებია, რომლებსაც წყალი შლის“, — აღწერდა ფრანკლინი იქამდე, 1951 წლის სასემინარო ჩანაწერებში; ამ სემინარს უოტსონიც ესწრებოდა, რასაც შემდეგ უარყოფდა.
მიუხედავად იმისა, რომ უოტსონმა და კრიკმა სხვა ადამიანის შრომა სრულად უგულებელყვეს, დნმ-ის ფორმის შესახებ საკუთარი თეორიების გასამყარებლად სხვისი მონაცემები მიითვისეს, ახლად აღმოჩენილი დოკუმენტების საფუძველზე, კობი და კომფორტი სრულიად სხვაგვარ ამბავს გვიყვებიან.
ფრანკლინი სულაც არ იყო გულუბრყვილო, ჩამორჩენილი პირი, რომელიც ჩუმად მიჰყვებოდა საკუთარ გზას. დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენა ორი ჯგუფის შრომის შედეგი იყო, რომლებიც ზოგად დასკვნებამდე მისასვლელად, ერთმანეთს ხშირად უზიარებდა სამუშაოს შედეგებს.
„ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ, დროდადრო ადასტურებდნენ ერთმანეთის მუშაობას ან კამათობდნენ საერთო პრობლემაზე“, — წერდა ჟურნალისტი ჯოან ბრიუსი გამოუქვეყნებელ სტატიაში, რომელიც მან ფრანკლინთან კონსულტაციით დაწერა.
კობი და კომფორტი ცდილობენ, ფრანკლინი „ორმაგი სპირალის ამომხსნელი კვარტეტის თანაბარ წევრად“ წარმოაჩინონ, რაც ასევე გვიჩვენებს, რა ხდება, როდესაც ერთი ადამიანის პოპულარული ვერსია ფრთებს ისხამს, სამეცნიერო პუბლიკაციაში აღწერილი დეტალებს კი მტვერი ედება.
კობისა და კომფორტის ვარაუდით, რეალობა უოტსონმა დაამახინჯა 1968 წელს გამოცემულ თავის ბესტსელერში „ორმაგი სპირალი“, რომელშიც იხსენებს დღეს, როცა „ფოტო 51“ პირველად ნახა.
როგორც კობი და კომფორტი წერენ, ნარატივს — რომ უოტსონმა ერთი შეხედვით ამოიცნო ის, რასაც ფრანკლინმა თვეების განმავლობაში ვერ შეძლო — ხშირად „უნებურად“ იმეორებენ ფრანკლინის დამცველები, რითაც ძირს უთხრიან მისსავე რეპუტაციას.
„ისე გამოდის, რომ ფრანკლინმა, ჭკვიანმა ქიმიკოსმა, ვერ აღიქვა საკუთარი მონაცემები, მაშინ, როცა სრულიად ახალბედა უოტსონმა თითქოს ის მყისიერად შეიცნო“, — წერენ ბიოგრაფიის ავტორები.
მათი ვარაუდით, უოტსონმა და კრიკმა 1954 წლის პუბლიკაციაში ამის გამოსწორება სცადეს, რომელშიც წერდნენ, რომ ფრანკლინის მონაცემების გარეშე, „სტრუქტურის ჩვენეული ფორმულირება ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა, შეუძლებელი თუ არა“. ძნელი სათქმელია, ეს დანაშაულის აღიარება იყო თუ საკუთარი კოლეგის მუხლჩაუხრელი შრომის დაფასება; ალბათ ორივე.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ფრანკლინს დნმ-ის გაშიფვრაში თანასწორ კონტრიბუტორად აფასებს, კობი და კომფორტი ირწმუნებიან, რომ დნმ-ის ორმაგი სპირალის აღმოჩენაში მისი ღვაწლი რამდენიმე მიზეზის გამო დაიჩრდილა, მიზეზების, რომლებიც იმ სექსიზმის გამოძახილი იყო, რასაც ქალები მეცნიერებაში განიცდიდნენ.
„ფრანკლინი თავისთვის მუშაობდა, კოლეგების გარეშე, რომლებთანაც იდეებს გაცვლიდა. გარიყული იყო იდეათა გაცვლა-გამოცვლის ოფიციალური სამყაროდან, რომელშიც უოტსონი და კრიკი თავიდან ბოლომდე იყვნენ ჩაფლულნი“.
ფრანკლინი დაჟინებით ითხოვდა მისი რენტგენული დიფრაქციის მონაცემების შეგროვებას და სრულ ანალიზს, ვიდრე დნმ-ის წყობის შესახებ რაიმე მოდელის ფორმულირება მოხდებოდა; მისი და გოსლინგის 1953 წლის პუბლიკაცია ჟურნალ Nature-ში დანარჩენ ორთან ერთად მხოლოდ მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც საკუთარი ჩართულობა მოითხოვა.
და რა თქმა უნდა, ფაქტი ის არის, რომ უილკინსმა უოტსონს სახელგანთქმული „ფოტო 51“ ფრანკლინის ნებართვის გარეშე აჩვენა — უჯრედების დნმ-ის განსაკუთრებით მკაფიო გამოსახულება.
როგორც კობი და კომფორტი აღნიშნავენ, ისტორია ფრანკლინს ბრწყინვალე მეცნიერად უნდა აფასებდეს, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა.
„ფრანკლინის ისტორიის სწორად გადმოცემა გადამწყვეტია, რადგან რადგან ის მისაბაძი მაგალითი გახდა მეცნიერებაში მიმავალი ქალებისთვის. ეწინააღმდეგებოდა იმ დროის არა მხოლოდ რუტინულ სექსიზმს, არამედ მეცნიერებაში გაბატონებულ მის უფრო დახვეწილ ფორმებსაც, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე შემორჩა“.
წერილი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nature.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.