მეცნიერები უიშვიათესი ოთხსპირალიანი დნმ-ის უჯრედში მოქმედებას პირველად დააკვირდნენ — #1tvმეცნიერება
მეცნიერები უიშვიათესი ოთხსპირალიანი დნმ-ის უჯრედში მოქმედებას პირველად დააკვირდნენ — #1tvმეცნიერება

ხვეულის სახით ერთმანეთზე გადაგრეხილი ორი სპირალი — ასეთია დნმ-ის მოლეკულის სახელგანთქმული ფორმა. თუმცა, ზოგჯერ დნმ უიშვიათეს ოთხსპირალიან ხვეულებსაც წარმოქმნის და ეს უცნაური სტრუქტურა შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს კიბოს წარმოქმნაში.

ოთხსპირალიანი დნმ-ებს G-კვადრუპლექსებს უწოდებენ და მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი; თუმცა, ამჯერად, მეცნიერებმა ამ უცნაური მოლეკულების დაფიქსირებისა და ცოცხალ უჯრედებში მათზე დაკვირვების ახალი მეთოდი შექმნეს.

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში ჯგუფი აღწერს, როგორ ხსნის გარკვეული ცილები G-კვადრუპლექსების ხვეულებს; ამ კვლევამ მომავალში შეიძლება საფუძველი დაუდოს ახალი პრეპარატების შექმნას, რომლებიც ოთხსპირალიან დნმ-ებს ჩაეჭიდებიან და მათ საქმიანობას შეაფერხებენ.

წამლები შეიძლება ჩაერიოს მაგალითად მაშინ, როდესაც უცნაური დნმ ხელს უწყობს სიმსივნური ქსოვილების ზრდას.

„იმატებს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ G-კვადრუპლექსები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სიცოცხლისათვის აუცილებელ მრავალ პროცესში და სხვადასხვა დაავადებაში“, — ამბობს კვლევის ავტორი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ქიმიის დეპარტამენტის მკვლევარი ბენ ლევისი.

მკვლევართა განცხადებით, ზოგადად, G-კვადრუპლექსები კიბოს უჯრედებში გაცილებით მაღალი მაჩვენებლით იზრდებიან, ვიდრე ჯანსაღ უჯრედებში.

კიბოს უჯრედების სწრაფი დაყოფა, ანუ სიმსივნის ზრდა, ოთხსპირალიან დნმ-თან მრავალმა სხვადასხვა კვლევამ დააკავშირა; შესაბამისად, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ თუ პრეპარატებით ამ უცნაურ დნმ-ს მიზანში ამოიღებენ, შეიძლება შენელდეს ამ უჯრედების უკონტროლოდ დაყოფა. ამ იდეას უკვე მხარს უჭერს ზოგიერთი კვლევა.

G-კვადრუპლექსები შეიძლება წარმოიქმნას როგორც სტანდარტული ორსპირალიანი დნმ-ის მოლეკულის მოკეცვის შედეგად, ისე მაშინ, როდესაც მრავალი სხვადასხვა დნმ-ის სპირალი ერთ ნუკლეინის მჟავას, სახელად გუანინს უერთდება, რომელიც დნმ-ის ერთ-ერთი სამშენებლო ბლოკია.

უჯრედებში ამ დნმ-ის შესამჩნევად მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა ქიმიური ნივთიერება სახელად DAOTA-M2, რომელიც G-კვადრუპლექსებთან მიკრობისას ფლუორესცენციურ სინათლეს გამოყოფს. მხოლოდ სინათლის სიკაშკაშის გაზომვის ნაცვლად, რაც დნმ-ის მოლეკულების კონცენტრაციის მიხედვით იცვლება, ჯგუფმა თვალი იმასაც მიადევნა, რამდენ ხანს კაშკაშებდა სინათლე.

სინათლის ხანგრძლივობაზე თვალის მიდევნებით, ჯგუფნა იხილა, როგორ ურთიერთქმედებდნენ ცოცხალ უჯრედებში სხვადასხვა მოლეკულები ოთხსპირალიან დნმ-სთან.

როდესაც მოლეკულა დნმ-ის სპირალზე თავსდება, გადააადგილებს მანათობელ ნივთიერება DAOTA-M2-ს, რაც სინათლის იმაზე უფრო სწრაფად ჩაბნელებას იწვევს, ვიდრე ეს ქიმიური ნივთიერების ადგილზე დარჩენის შემთხვევაში მოხდებოდა. ამ მეთოდის გამოყენებით, ჯგუფმა გამოავლინა ორი ცილა, სახელად ჰელიკაზები, რომლებმაც ოთხსპირალიანი დნმ-ის სპირალები ერთმანეთისგან გამოაცალკევა და მათი დაშლის პროცესს მისცა იმპულსი.

მკვლევრებმა ასევე გამოავლინეს სხვა მოლეკულები, რომლებიც დნმ-ს ბოჭავს; ამ მოლეკულურ ურთიერთქმედებათა სამომავლო კვლევები მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს ისეთი პრეპარატების შექმნაში, რომლებიც ასეთ დნმ-ს შებოჭავენ.

„მრავალი მეცნიერია დაინტერესებული G-კვადრუპლექსების შემბოჭველი მოლეკულების შესაძლებლობებით, რაც პოტენციური პრეპარატი უნდა გახდეს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის კიბო. ჩვენი მეთოდი ამ პოტენციურ პრეპარატთა პროგრესში დაგვეხმარება“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის სამედიცინო არაორგანული ქიმიის პროფესორი რამონ ვილარი.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი