შექმნეს დნმ-ის კასეტა, რომელიც დაიტევს ყველა სიმღერას, რაც კი ოდესმე ჩაწერილა — #1tvმეცნიერება
შექმნეს დნმ-ის კასეტა, რომელიც დაიტევს ყველა სიმღერას, რაც კი ოდესმე ჩაწერილა — #1tvმეცნიერება

რეტრო კომპაქტ-კასეტები შეიძლება ახალი ელფერით დაბრუნდეს, ამჯერად დნმ-ის თანხლებით. მიუხედავად იმისა, რომ დნმ ინფორმაციის შესანახ მასალად აქამდეც გამოიყენებოდა, მეცნიერებმა ის ამჯერად 1980-იანი წლების კასეტასთან გააერთიანეს და დნმ კასეტა შექმნეს.

ჩინეთის ქალაქ გუანდუნის სამხრეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარმა სინგიუ ჯიანგმა და მისმა კოლეგებმა დნმ-ის სინთეტიკური მოლეკულები პლასტიკის ფირზე დაბეჭდეს და კასეტა შექმნეს.

„ჩვენ შეგვიძლია მისი თანმიმდევრობა ისე შევადგინოთ, რომ დნმ-ის ფუძეების თანმიმდევრობა (A, T, C, G) წარმოადგენდეს ციფრულ ინფორმაციას, ზუსტად ისე, როგორც 0-ები და 1-ები კომპიუტერში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეინახოს ნებისმიერი ტიპის ციფრული ფაილი, იქნება ეს ტექსტი, ფოტო, აუდიო თუ ვიდეო“, — ამბობს ჯიანგი.

დნმ-ში შენახვის წინა მეთოდების ერთი პრობლემა იყო მონაცემებზე წვდომის სირთულე; ამიტომ, ჯგუფმა ფირი შტრიხკოდების სერიით დაფარა, რათა გაადვილებულიყო მონაცემების ამოღება.

„ეს პროცესი ბიბლიოთეკაში წიგნის მოძებნას ჰგავს. პირველ რიგში საჭიროა ვიპოვოთ წიგნის შესაბამისი თარო, შემდეგ კი ამ თაროზე წიგნი ვიპოვოთ“, — აღნიშნავს ჯიანგი.

ფირი ასევე დაფარულია ე. წ. კრისტალური ჯავშნით, როგორც მას მკვლევრები უწოდებენ და რომელიც დამზადებულია ცეოლითური იმიდაზოლატით; ეს უკანასკნელი ხელს უშლის დნმ-ის ბმების დაშლას. შედეგად, კასეტა მონაცემებს საუკუნეების განმავლობაში შეინახავს ისე, რომ არ გაცვდება.

ტრადიციული კასეტა თითოეულ მხარეს დაახლოებით 12 სიმღერას იტევს. ახალი, დნმ-ის 100 მეტრის სიგრძის კასეტაზე კი სამ მილიარდზე მეტი სიმღერა ჩაეტევა, თითოეული 10 მეგაბაიტის მოცულობის. მონაცემთა შენახვის სრული ტევადობა 36 პეტაბაიტია. ეს კი დაახლოებით 36 000 მყარ დისკს უდრის.

თუმცა, ახალ კასეტას ძველ მაგნიტოფონებში ვერ გამოიყენებთ, რადგან დნმ-ის კასეტა წინამორბედების მსგავსად არ იყენებს მაგნიტურ სიგნალებს.

„ჩვენი კასეტა დნმ-ის მოლეკულებს შეიცავს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იგივე იქნებოდა, ფოტო რომ გახსნათ ფირსაკრავში — ფორმატები ერთმანეთთან შეუთავსებელია“, — განმარტავენ მკვლევრები.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.