ჩერნობილში კატასტროფის დროს მომუშავეთა შვილების დნმ-ში მცირე მუტაციები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
1986 წელს ჩერნობილის ბირთვული კატასტროფისას გამოყოფილი მაიონიზებელი რადიაციისგან (IR) მიყენებული დნმ-ის დაზიანება გამოჩნდა იმ ადამიანთა შვილებში, რომლებიც უშუალოდ ამ რადიაციის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ. ასეთი აშკარა თაობათშორისი კავშირი მეცნიერებმა პირველად გამოავლინეს.
არადამაჯერებელი იყო წინა კვლევები იმის თაობაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ გენეტიკური დაზიანების მშობლიდან შვილზე გადაცემა. თუმცა, გერმანიის ქალაქ ბონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალ კვლევაში ოდნავ განსხვავებული რაღაც ეძებეს.
შემდეგ თაობაში ახალი დნმ-ის მუტაციების ამოცნობის ნაცვლად, ისინი ეძებდნენ ე. წ. შეჯგუფებულ დე-ნოვო მუტაციებს (cDNM) — ორ ან მეტ მუტაციას ერთმანეთთან ახლოს, რომლებიც ბავშვებში გვხვდება, მაგრამ არა მშობლებში. ეს იქნებოდა მუტაციები, რომლებიც გამოწვეული იქნებოდა მშობლების დნმ-ში რადიაციული ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებებით.
„აღმოვაჩინეთ შეჯგუფებული დე-ნოვო მუტაციების მნიშვნელოვანი ზრდა დასხივებული მშობლების შვილებში, და პოტენციური კავშირი დოზის შეფასებებსა და შთამომავლობის შეჯგუფებული დე-ნოვო მუტაციების რაოდენობას შორის“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, მიუხედავად გაურკვევლობისა მაიონიზებელი რადიაციის ზუსტ ბუნებასა და რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს კვლევა პირველია, რომელიც გვთავაზობს მტკიცებულებას ადამიანის გენომზე დაბალი დოზის მაიონიზებელი გამოსხივების ხანგრძლივი მამობრივი ზემოქმედების ტრანსგენერაციული ეფექტის არსებობის შესახებ.
შედეგები ეფუძნება მთლიანი გენომის სეკვენირების სკანირებებს, რომელიც ჩაუტარდა ჩერნობილის დასუფთავების სამსახურში მომუშავეთა 130 შვილს, გერმანიის სამხედრო რადარის ოპერატორთა (რომლებზეც სავარაუდოდ ასევე იმოქმედა რადიაციამ) 130 შვილს და კონტროლის სახით ისეთ ადამიანთა 1275 შვილს, რომლებიც რადიაციული ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილან.
ჩერნობილის ჯგუფში მკვლევრებმა ბავშვზე საშუალოდ 2,65 შეჯგუფებული დე-ნოვო მუტაცია აღმოაჩინეს, გერმანული რადარის ჯგუფში ბავშვზე 1,48, საკონტროლო ჯგუფში კი ბავშვზე 0,88. მკვლევართა განცხადებით, რიცხვები სავარაუდოდ გადაჭარბებულია მონაცემთა დაბინძურების გამო, მაგრამ სხვაობა მაინც მნიშვნელოვანი დარჩა სტატისტიკური გასწორების შემდეგაც კი.
ამას გარდა, რაც უფრო მეტი რადიაცია ჰქონდათ მიღებული მშობლებს, მით მაღალი იყო ბავშვებში კლასტერების რაოდენობა. ეს კი ემთხვევა იმ აზრს, რომ რადიაცია წარმოქმნის მოლეკულებს, სახელად ჟანგბადის აქტიური ფორმები, რომლებსაც შეუძლიათ დნმ-ის ჯაჭვების დაშლა — რღვევები, რომლებმაც შეიძლება დატოვონ ამ კვლევაში აღწერილი კლასტერები არასრულყოფილად აღდგენის შემთხვევაში.

კარგი ამბავი ის არის, რომ ჯანმრთელობის რისკი შედარებით მცირე უნდა იყოს — დასხივებულ მშობელთა შვილებს დაავადებათა რაიმე მაღალი რისკი არ აღმოაჩნდათ. ამის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ შეჯგუფებულ დე-ნოვო მუტაციათა უმეტესობა, სავარაუდოდ, „არაკოდირებულ“ დნმ-ში ხვდება და არა იმ გენებში, რომლებიც პირდაპირ ცილებს შიფრავენ.
„გამომდინარე იქიდან, რომ შეჯგუფებული დე-ნოვო მუტაციების ზრდა მიუყვება მაიონიზებელი რადიაციის ზემოქმედებას მამებზე და დაბალია ცილების მშიფრავი გენომის პროპორცია, დაბალია იმის ალბათობა, რომ ზემოქმედებულთა შვილებში შეჯგუფებულმა დე-ნოვო მუტაციებმა დაავადებები გამოიწვიოს“, — წერენ მკვლევრები.
ვიცით, რომ ასაკიან მამებში მეტია შანსი იმისა, რომ შვილებს დნმ-ის მეტი მუტაცია გადასცენ. მკვლევართა განცხადებით, ჩასახვის დროს მშობლების ასაკთან დაკავშირებული დაავადების გადაცემის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე აქ განხილული რადიაციული ზემოქმედების პოტენციური რისკები.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები. ვინაიდან ეს რადიაციული ზემოქმედება ათწლეულების წინ მოხდა, ადამიანთა დასხივების შეფასება მკვლევრებს მოუხდათ ისტორიული ჩანაწერებისა და ათწლეულების წინანდელი მოწყობილობების გამოყენებით.
ასევე, კვლევაში მონაწილეობა მოხალისეობრივი იყო, რამაც შეიძლება გააჩინოს გარკვეული მიკერძოება — ვინც ეჭვობდნენ, რომ რადიაციული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შეიძლება უფრო მეტად იყვნენ კვლევაში მონაწილეობაზე მოწადინებული.
ამ შეზღუდვების გათვალისწინებითაც კი, ახლა უკვე ვიცით, რომ მაიონიზებელი რადიაციის გახანგრძლივებულმა ზემოქმედებამ შეიძლება მცირე კვალი დატოვოს მომავალ თაობათა დნმ-ში — ეს კი ხაზს უსვამს უსაფრთხოების ზომების დაცვისა და რისკის ქვეშ მყოფი პირების ფრთხილად მონიტორინგის აუცილებლობას.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.