რომის პაპი ფრანგი კათოლიკეებისა და პარიზელებისთვის ლოცულობს. ამის შესახებ განცხადება „თვითერის“ ოფიციალურ გვერდზე წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ალესანდრო ჯიზოტიმ გააკეთა.
„რომის პაპი საფრანგეთის მიმართ სითბოს, სიახლოვეს გამოხატავს, ლოცულობს ფრანგი კათოლიკეებისა და პარიზელებისთვის. ეს იყო შოკისმომგვრელი და საშინელი ხანძარი, რომელმაც დააზიანა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ის ლოცულობს ყველასთვის, ვინც ამ დრამატულ სიტუაცია უმკლავდება“, – ნათქვამია წმინდა საყდრის პრესსამსახურის უფროსის განცხადებაში.
კათოლიკეები კვირას 21 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.
ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.