რომან გოცირიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტის ისეთი წესი დადგინდეს, რაც კომისიის რეალურ საჭიროებებთან იქნება შესაბამისობაში
რომან გოცირიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტის ისეთი წესი დადგინდეს, რაც კომისიის რეალურ საჭიროებებთან იქნება შესაბამისობაში

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ისეთი წესი დადგინდეს, რაც კომისიის რეალურ საჭიროებებთან იქნება შესაბამისობაში.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გოცირიძემ განაცხადა, მის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებულია რეგულირების საფასურის ოდენობის შემცირება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის მთავარ წყაროს.

მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წესი. კერძოდ: კანონპროექტით განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულირების საფასურის, 0,75 პროცენტის შემცირება 0,5-მდე.

„კანონპროექტის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობიდან მიღებულ თანხას, გავა კომისიის შემოსავლებიდან და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. რაც შეეხება „მაუწყებლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეგულირების საფასურს, ისიც შემცირდება და ნაცვლად 0,5 პროცენტისა, იქნება 0,35 პროცენტი. კომისიის ბიუჯეტის ფორმირების მოქმედი წესი არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. არსებული წესით, 2012 წელს მარეგულირებლის ბიუჯეტში შემოსავალი შეადგენდა 7.9 მილიონ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის ეს თანხა 20.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 13.6 მილიონი ლარი რეგულირების საფასურიდან მიღებული შემოსავალია, 3.5 მილიონამდე კი რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობიდანაა. ბოლო 12 წლის განმავლობაში კომისიის ბიუჯეტის დაფინანსების 12 მილიონ ლარზე მეტით ზრდა განპირობებულია არა კომუნიკაციების კომისიის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული შემოსავლების ფორმირების არასწორი წესიდან გამომდინარე.

მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტში აკუმლირებული ზედმეტი თანხები ხმარდება ისეთი ხარჯების გაწევას, რომელთა საჭიროება დასაბუთებას არის მოკლებული. მაგალითისთვის, 2018 წელს კომისიამ დააფუძნა არაკომერციული იურიდიული პირი „მედიააკადემია“. 2019 წლის მონაცემებით, მისი ბიუჯეტი 2,1 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, 2023 წლის მონაცემებით ეს ციფრი 2.4 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ეფექტიანობასა და ბიუჯეტის ეკონომიურ გამოყენებას მოკლებულია „მედიააკადემიის“ დაფინანსების ყოველწლიურად მექანიკური ზრდა, რაც არ ეფუძნება მის საჭიროებებსა თუ ფუნქციონირების სპეციფიკას და მიბმულია კომუნიკაციის კომისიის ბიუჯეტის დაუსაბუთებელ ზრდასთან. გარდა ამისა, „მედიააკადემია“, რომელიც კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებს, უარს აცხადებს გამჭვირვალობაზე. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ „მედიააკადემია“ არ ასაჯაროვებს ინფორმაციას  თანამშრომლების საშტატო ნუსხის, მედიააკადემიაში მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების შესახებ. არსებობს ინფორმაცია, რომ „მედიააკადემია“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების, სახელისუფლო მედიაში დასაქმებული პირებისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების ფინანსური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. როგორც ცხრილიდან ჩანს, კომუნიკაციების კომისიის ხარჯები ყოველწლიურად მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს“, – აღნიშნავს გოცირიძე.

დეპუტატის ცნობით, კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში მთავარ ნაწილს შრომის ანაზღაურების ხარჯები წარმოადგენს.

„ეს რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. თუ 2012 წელს 5.4 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი შრომის ანაზღაურებისთვის, 2024 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 9 მილიონ ლარს მიაღწია. გარდა სახელფასო ნაწილისა, IDFI-ის მიერ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის, „სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატების” მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს პრემიის სახით 2020 წელს 0.8 მილიონი ლარი გასცა, ხოლო კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის სამმა წევრმა პრემიის სახით, ჯამში, 128,208 ლარი მიიღეს. ზოგადად, ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ამ უწყებასთან დაკავშირებით“, – დასძინა გოცირიძემ.