რომან გოცირიძე - მმართველი პარტიის პრაქტიკით იგნორირებულია ოპოზიციის უფლება, ჰქონდეს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესაძლებლობა, რაც კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევაა
რომან გოცირიძე - მმართველი პარტიის პრაქტიკით იგნორირებულია ოპოზიციის უფლება, ჰქონდეს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესაძლებლობა, რაც კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევაა

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს ფაქტობრივად საკანონმდებლო პროცესში სრულყოფილი ჩართულობის შესაძლებლობა წაართვა და საკანონმდებლო ინიციატივის უფლების გარეშე დატოვა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გოცირიძემ განაცხადა, მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ სულ დარეგისტრირდა 72 საკანონმდებლო ინიციატივა, სადაც პარლამენტმა მხოლოდ სამი კანონპროექტი მიიღო და პლენარულ სხდომაზე განსახილველად მხოლოდ 15 გავიდა.

დეპუტატის განმარტებით, პარლამენტის ბიუროს უფლება აქვს, კანონპროექტის განხილვისთვის დადგენილი ვადა იმ შემთხვევაში გააგრძელოს, თუ საპარლამენტო განხილვისთვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა.

„ოპოზიციის მიერ წარმოდგენილია ათი ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ორი წელზე მეტია, დარეგისტრირებულია და ჯერაც არ განხილულა. ხშირია პრაქტიკა, როცა კანონპროექტის განხილვის გადავადება კომიტეტებმა 6-8-ჯერ მოითხოვეს. რიგ შემთხვევებში, 11-12-ჯერ. განუხილველად დატოვებულ კანონპროექტებს შორისაა სოციალური პროექტები, საგადასახადო საკითხები და საზოგადობისთვის აქტუალური სხვა ინიციატივები. საპარლამენტო უმრავლესობა განგებ ხელს უშლის დისკუსიის დაწყებას ხალხისთვის საინტერესო თემატიკაზე, რათა მედიაში არ გაშუქდეს და ამომრჩეველს არ ჰქონდეს ინფორმაცია, კანონპროექტებში რა პრიორიტეტებზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიცია. კონსტიტუციურ დემოკრატიაში აუცილებელია, პარლამენტი, სულ მცირე, განიხილავდეს უმცირესობის ინიციატივებს, ხელს უწყობდეს დებატებისა და დისკუსიის შექმნას. საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამომრჩევლებამდე მიიტანოს საკუთარი შეხედულებები. კანონპროექტების განხილვის პროცესში მხარეებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი არგუმენტები, რატომ შეიძლება იყოს კანონპროექტის მიღება საჭირო ან არასაჭირო, აჩვენონ ამომრჩეველს ხედვებს შორის განსხვავება. მმართველი პარტიის პრაქტიკა, რითიც იგნორირებულია საპარლამენტო ოპოზიციის უფლება, გააჩნდეს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესაძლებლობა, შეიძლება ჩავთვალოთ კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევად“, – აღნიშნავს გოცირიძე.