ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციას მიმართა - ღიმილის მომგვრელია, როდესაც რუსული საქმის კეთებაზე ჩვენ გველაპარაკებით, ხალხმა განსაჯოს, რა არის რუსული საქმე
ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციას მიმართა - ღიმილის მომგვრელია, როდესაც რუსული საქმის კეთებაზე ჩვენ გველაპარაკებით, ხალხმა განსაჯოს, რა არის რუსული საქმე

ღიმილის მომგვრელია, როდესაც რუსული საქმის კეთებაზე ჩვენ გველაპარაკებით. ფაქტებით მოგახსენებთ, რომელი რუსული საქმეები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ გაკეთებული და რას შეიძლება დავარქვათ მოღალატეობრივი საქმეები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„მიშა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ყველა პროცესში, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და რომელიც დღესაც ძალიან აქტიურად ატარებს შეხვედრებს ემიგრანტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, გახლდათ „კაგებეს” პოლკოვნიკი; გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას, იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, მუშაობდა საბჭოთა კავშირის ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში; კობა ნაყოფია, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის პოზიციას, იყო დსთ-ის ქვეყნების აღმასრულებელი კომიტეტის მრჩეველი. მას დღესაც აქვს რუსული პასპორტი“, – აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.

მისივე თქმით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგად დღეს ჩვენი ტერიტორიებს 20% ოკუპირებულია.

„გაგახსენებთ კოდორის ხეობის და ახალგორის სტატუსის შეცვლის ამბავს, კოდორის ხეობას მიენიჭა ზემო აფხაზეთის სტატუსი. გასაკვირია, რა შუაშია კოდორის ხეობა და ზემო აფხაზეთი? იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები უმტკივნეულოდ, სიცილ-კისკისში გადაებარებინათ რუსებისთვის. გენერალი ყურაშვილი, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრია, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: „ჩვენ რომ კოდორი გადავაბარეთ ტყვიის გასროლის გარეშე, ეს იყო ცალსახა ღალატიო“. არის თუ არა ეს რუსული საქმე?!“ – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მან გაიხსენა ის რეზოლუციაც, რომელშიც საქართველო იყო ომის დაწყებაში დადანაშაულებული და რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხელი მოაწერეს.

„ესენი ბედავენ, ჩვენ გვეძახონ რუსული საქმის შემსრულებლები. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომის წაგების შემდეგ, 2-3 წელიწადში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმა მისცა“, – განაცხადა დეპუტატმა და წინა ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტების სია წარადგინა.

„მესმის, რატომ არის ოპოზიციური ფლანგი შეშინებული, გუშინ ბიძინა ივანიშვილი მკვეთრად დაჰპირდა ხალხს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი გასამართლდება. და როგორც შევძელით ამ რეჟიმის გარეშეც კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერები კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდნენ ხელის შესაშლელად და არასამთავრობოები საშინელ დასკვნებს აგზავნიდნენ, ზუსტად ასე შეიყვანს ჩვენი ხელისუფლება საქართველოს თავისი ღირსებით, კულტურით და იდენტობით ევროპის დიდ ოჯახში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.