„როიტერის“ ინფორმაციით, ნიგერიის ქალაქ ლაგოსში საპროტესტო აქციაზე სამხედროებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს
ნიგერიის ქალაქ ლაგოსში პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე სამხედროებმა დემონსტრაციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.
ნიგერიის არმიის წარმომადგენელი „ტვიტერში“ წერს, რომ დემონსტრაციაზე სამხედროები საერთოდ არ ყოფილან. თვითმხილველები კი ირწმუნებიან, რომ ადგილზე 20-მდე ჯარისკაცი გამოჩნდა, რის შემდეგაც ელექტროენერგია გაითიშა, სამხედროებმა კი ცეცხლი გახსნეს. კიდევ ერთი მოწმე ყვება, რომ დაინახა, როგორ გაჰქონდათ სამხედროებს ცხედრები.
მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ლაგოსში უკვე ორი კვირაა, მიმდინარეობს. მოქალაქეები პოლიციის ერთ-ერთი დანაყოფის, ძარცვის წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ გამოდიან, რომლის წევრებსაც უფლებადამცველი ჯგუფები გამოძალვაში, დევნაში, წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ. სპეციალური დანაყოფი 11 ოქტომბერს დაშალეს, თუმცა ამით აქციები არ შეწყვეტილა. მოქალაქეები ახლა სამართალდამცავ ორგანოებში რეფორმების გატარებას ითხოვენ.
„ამნესთი ინთერნეიშენალის“ ინფორმაციით, აქციების დაწყების შემდეგ სულ მცირე 15 ადამიანი მოკლეს. ლაგოსის გუბერნატორის განცხადებით, ამ პერიოდში საერთო ჯამში საავადმყოფოს 25-მა ადამიანმა მიმართა, მათგან ორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.