„როიტერი“ - რატომ არის ამაზონის ტყეში ხანძარი მსოფლიოსთვის საგანგაშო
„როიტერი“ - რატომ არის ამაზონის ტყეში ხანძარი მსოფლიოსთვის საგანგაშო

ამაზონის ტყეში რეკორდული რაოდენობის ხანძარი მძვინვარებს. კრიზისულმა სიტუაციამ მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება მიიქცია, რადგან ამაზონის ტყე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ბრაზილიისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის. მასშტაბური ხანძრების გამო ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ტყეში ცეცხლის ჩასაქრობად სამხედროებიც გააგზავნა.​​

რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზონის ტყე?

ამაზონის ტყე, რომლის 60 პროცენტი ბრაზილიის ტერიტორიაზეა – მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა. მეცნიერები ამაზონს ბიომრავალფეროვნების ცენტრად მიიჩნევენ, იქ უმარავი უნიკალური მცენარე ხარობს და ცხოველი ბინადრობს.

ამაზონის ტყე მსოფლიოში გამოყოფილი ნახშირბადის ყველაზე დიდ რაოდენობას შთანთქავს. მეციერების მტკიცებით, სწორედ ეს სათბურის აირებია კლიმატის ცვლილებების მთავარი გამომწვევი მიზეზი. ამიტომ, ამაზონის ტყის დაცვა და შენარჩუნება გლობალური დათბობის პრევენციისთვის გადამწყვეტია.

რამდენად რთულია მდგომარეობა?

2019 წელს ბრაზილიაში ცეცხლის კერების რეკორდული რაოდენობა აღრიცხეს. შარშანდელთან შედარებით, ხანძრების რაოდენობა 84 პროცენტით არის გაზრდილი. ბრაზილიის კოსმოსური კვლევის სააგენტოს მონაცემებით, წელს ამაზონის ტყეში 78,383 ცეცხლის კერა დაფიქსირდა. ხანძრების ნახევარზე მეტი აგვისტოს თვეში გაჩნდა.

ამაზონის ცხრა შტატიდან რვაში ხანძრების რაოდენობა გაზრდილია. რონდონიას და ამაზონასის შტატის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის ხანძრები მათ ჯერ არ უნახავთ. კვამლი რამდენიმე შტატს მთლიანად ფარავს.

რამ გამოწვია ხანძრები?

ამაზონის რეგიონში ცეცხლს ხშირად განზრახ აჩენენ, რათა ფერმერებისთვის ტერიტორია „გაასუფთავონ“. ყველაზე ხშირად ასე ხის მჭრელები იქცევიან, რომლებიც „გასუფთავებულ“ მიწას ყიდიან. ამაზონის რეგიონში მშრალი სეზონი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, რა დროსაც ხანძრის გავრცელების რისკი მაღალია.

გარემოსდამცველების თქმით, ბოლო პერიოდში ამაზონის ტყეებში ხანძრებს განზრახ უფრო ხშირად აჩენენ. ამის მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების პოლიტიკას ასახელებს. მათი თქმით, პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ამაზონის რეგიონის განვითარებაზე ხშირად საუბრობს, რაც ხანძრების გაჩენით დაკავებულ ადამიანებს ახალისებს და დაუსჯელობის სინდრომს აჩენს.

უკანასკნელ წლებში ამაზონის რეგიონში ტყეს მასობრივად ჩეხავენ. გაჩეხილი ტყის მასივის ფართობი, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 67 პროცენტითაა გაზრდილი. გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ ხანძრებს ძირითადად ის ადამიანები აჩენენ, ვინც ტყეს ჩეხავს.

როგორი იყო ბრაზილიის მთავრობის რეაქცია?

თავდაპირველად ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაზონის ტყეში ხანძარი ნორმალური მოვლენაა, შემდეგ მან ცეცხლის გაჩენაში არასამთავრობოები დაადანაშაულა, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მას დღემდე არ წარმოუდგენია.

ბრაზილიის ლიდერმა ასევე თქვა, რომ ქვეყანას ამაზონის ტყეში ხანძრების ჩასაქრობად რესურსი არ აქვს. თუმცა, ამავე დროს, ბოლსონარუმ სხვა ქვეყნები გააფრთხილა, ბრაზილიის შიდა საქმეებში არ ჩაერიონ. მისი მტკიცებით, უცხო ქვეყნების მიერ გამოყოფილი დაფინანსება ბრაზილიის სუვერენიტეტის შელახვას ისახავს მიზნად.

25 აგვისტოს კი, ბრაზილიის მთავრობამ გადაწყვიტა ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაციაში ბრაზილიელი სამხედროები ჩართულიყვნენ. ამაზონის რეგიონის რამდენიმე შტატის ხელისუფლებამ ჯარისკაცების დახმარების თხოვნით მთავრობას უკვე მიმართა.

რამდენად ეფექტურად შეძლებენ სამხედროები ცეცხლის ლიკვიდაციას, ეს ჯერ უცნობია.

რას ამბობენ მსოფლიო ლიდერები?

საფრანგეთის პრეზიდენტმა ამაზონის ტყეში ხანძრების გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოითხოვა. ემანუელ მაკრონმა მკაცრად გააკრიტიკა ბრაზილიის მთავრობა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ამაზონის ტყის დასაცავად არასათანადო ზომებს მიმართავს.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის მთავრობა წინ აღუდგება ბრაზილიასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას, რადგან ბრაზილიის პრეზიდენტმა ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ მსოფლიოს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და გლობალური ლიდერები შეცდომაში შეიყვანა.

ბერლინსა და ლონდონში ამაზონის ტყის განადგურების გამო შეშფოთება გამოთქვეს, თუმცა გერმანია და დიდი ბრიტანეთი ბრაზილიასთან სავაჭრო შეთანხმების ბლოკირების წინააღმდეგ გამოდიან.

25 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან ყოველწლიური სამიტის გამართვაზე, რომელის მიზანიც ხანძრებით დაზარალებული ქვეყნების ტექნიკური და ფინანსური დახმარება იქნება.

ბრაზილიას ხანძრების ლიკვიდაციაში დახმარება დონალდ ტრამპმა შესთავაზა.

როგორი იყო საზოგადოების რეაქცია?

ამაზონის ტყეში ხანძრების გამო ბრაზილიელები ქუჩაში გავიდნენ და მთავრობას უმოქმედობაში დასდეს ბრალი. მიტინგები ათობით ქალაქში გაიმართა. ქალაქ ბრაზილიასა და სან პაულუში მოქალაქეებმა გზები გადაკეტეს. აქციები გაიმართა ბრაზილიის საელჩოსთან პარიზსა და ლონდონშიც.

სოციალურ მედიაში გაჩნდა ჰეშთეგი #ილოცეამაზონისთვის, (#PrayForAmazonas) რომლიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

რას ნიშნავს ამაზონის ხანძარი კლიმატისთვის?

გარემოსდამცველები შიშობენ, რომ თუ ამაზონში ტყის მასივის განადგურება ამ ტემპით გაგრძელდება, მაშინ, შესაძლოა, ტყის გადაშენება ბუნებრივ პროცესად იქცეს და ტროპიკული ტყის ნაცვლად ამაზონი სავანად გადაიქცეს.

ბრაზილიელი გარემოსდამცველების ცნობით, ამაზონის ტყის 15-17 პროცენტი უკვე უკვალოდ გაქრა. თავდაპირველად მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ტროპიკული ტყის გადაშენება, მაშინ დაიწყება, როდესაც ამაზონის ტყის მასივის 40 პროცენტი განადგურდება. თუმცა, გლობალური დათბობის ფონზე მკვლევარებმა პროგნოზს გადახედეს და ახლა მათი აზრით „გარდამტეხი წერტილი“ ტყის მასივის 20-25 პროცენტზე გადის.

თუ ეს ზღვარი მაინც გადაილახა, მაშინ ტროპიკული ტყის მასივის აღდგენას 30-50 წელიწადი დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი, ატმოსფეროში მილიარდობით ტონა ნახშირორჟანგი მოხვდება. შედეგად კი, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილებები და მასთან დაკაშირებული კატასტროფები გარდაუვალი გახდება.