რუმინეთის დედაქალაქში CET Vest-ის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა

12:18, 21.04.2026

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მდებარე CET Vest-ის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი ორ ელექტროტრანსფორმატორს გაუჩნდა, თუმცა შემდეგ მესამეზეც გავრცელდა.

მეხანძრეებმა ცეცხლის გავრცელება შეაჩერეს. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ხანძარმა ბუქარესტის რამდენიმე რაიონში 3 000-ზე მეტ სახლში ცხელი წყლის მიწოდება შეაფერხა.

როგორც მედია წერს, თბოელექტროსადგური ჯერჯერობით მუშაობას ვერ განაგრძობს, მის ფუნქციას დროებით სხვა სადგური შეასრულებს.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მიწოდება 21 აპრილის საღამოსთვის აღდგება, თუმცა რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ დაზიანებული ტექნიკის სრული შეკეთება ერთ წლამდე გაგრძელდება.

წინასწარი შეფასებით, ხანძრის მიზეზი თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე არსებულ ქვესადგურში ელექტრული გაუმართაობა გახდა.

მსგავსი