„როიტერი“ - ბოლივიელმა ჯარისკაცებმა ცენტრალური მოედანი დაიკავეს და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ
„როიტერი“ - ბოლივიელმა ჯარისკაცებმა ცენტრალური მოედანი დაიკავეს და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ

ბოლივიელმა ჯარისკაცებმა ცენტრალური მოედანი დაიკავეს და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ ვაპირებთ ჩვენი სამშობლოს აღდგენას“, – განუცხადა გენერალმა ხუან ხოსე ზუნიგამ ჟურნალისტებს.

ბოლივიის პრეზიდენტმა, ლუის არსემ გააკრიტიკა „გადატრიალება“ მთავრობის წინააღმდეგ და ქვეყნებს საერთაშორისო მხარდაჭერისკენ მოუწოდა. არსემ დაგმო ლა-პასში არმიის ზოგიერთი ნაწილის მობილიზაცია გენერალ ხუან ხოსე ზუნიგას ხელმძღვანელობით და მოითხოვა ჯარების დემობილიზაცია.

„დღეს ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინაშე დგას. ქვეყანა კიდევ ერთხელ აწყდება საფრთხეს, რათა ბოლივიაში დემოკრატია შეწყდეს. ჩვენ გვჭირდება ბოლივიელი ხალხის ორგანიზება და მობილიზება სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ დემოკრატიის სასარგებლოდ“, – განაცხადა არსემ პრეზიდენტის სასახლიდან.

აშშ-ში განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და მხარეებს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

2025 წლის არჩევნებში ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი აპირებს კენჭისყრას ყოფილი მოკავშირის, არსეს წინააღმდეგ, რაც ქმნის დიდ განხეთქილებას მმართველ სოციალისტურ პარტიაში და უფრო ფართო პოლიტიკურ გაურკვევლობას. როგორც მედია წერს, მოსახლეობის უმეტესობას არ სურს მორალესის დაბრუნება, რომელიც მართავდა ბოლივიას 2006-2019 წლებში. გენერალმა ზუნიგამ განაცხადა, რომ მორალესი არ უნდა დაბრუნდეს პრეზიდენტის თანამდებობაზე და დაემუქრა, რის გამოც არსემ ზუნიგა თანამდებობიდან გადააყენა.