ბოლივიის პროკურატურამ ევო მორალესის დაკავების ორდერი გასცა
ბოლივიის პროკურატურამ ევო მორალესის დაკავების ორდერი გასცა

ბოლივიის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ევო მორალესის დაკავების ორდერი გასცა. ორდერის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ბოლივიის შს მინისტრი არტურო მურილიო ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ორდერის გაცემის გადაწყვეტილება ამბოხისკენ მოწოდების, ტერორიზმისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიების ფარგლებში მიიღეს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ევო მორალესი გამოძიების ფარგლებში უნდა დაიკითხოს.

ბოლივიაში 20 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ ევო მორალესი გამარჯვებულად გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. სამკვირიანი დემონსტრაციების შემდეგ ევო მორალესი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა. მორალესი ამჟამად არგენტინას აფარებს თავს.

დატოვე კომენტარი