„როიტერი“ - აშშ შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს აღარ გაგზავნის
„როიტერი“ - აშშ შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს აღარ გაგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს აღარ გაგზავნის. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედიასაშუალების წყაროს ცნობით, ანკარაში აშშ-ის საელჩომ აცნობა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია.

გასულ კვირას თურქეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შავ ზღვაში ორ სამხედრო გემს გზავნის. აღნიშნულ საკითხს რუსეთი გამოეხმაურა და არამეგობრული პროვოკაცია უწოდა.

მოგვიანებით, აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თურქეთმა არასწორად გაიგო თავდაპირველი შეტყობინება და გემების გაგზავნა არ დადასტურებულა. ამერიკული მხარის განმარტებით, აშშ ხშირად ატყობინებს თურქეთს გემების შავ ზღვაში პოტენციური გაგზავნის შესახებ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკული ხომალდი აუცილებლად შევა შავ ზღვაში, არამედ მხოლოდ უზრუნველყოფს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნებართვა უკვე გაცემული იყო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საზღვაო ძალებმა 14 აპრილს შავ ზღვაში წვრთნა დაიწყო.