როგორ უახლოვდება ანტარქტიდის უდიდესი მყინვარი აღსასრულს — ახალი კვლევა
ანტარქტიდის კუნძულ პაინის მყინვარის დღეები დათვლილია, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, სადამდე გაგრძელდება ეს დათვლა. ამ საკითხში გარკვეული სინათლე შეიძლება შეიტანოს ახალმა მოდელებმა.
გასული ორმოცი წლის განმავლობაში, ყინულის ამ მონსტრმა ზღვის დონის მატებაში ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა დედამიწის სხვა მყინვარებთან შედარებით. ბოლო წლებში, მეცნიერებმა შეამჩნიეს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ მისი დნობა აჩქარდა და მყინვარი უჩვეულოდ სწრაფად თხელდება.
უკიდურესად რთულია იმის პროგნოზირება, სად და როგორ შეიძლება დაიხიოს უკან ამ მასშტაბის მყინვარმა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ზემოდან უბრალო, ყინულის დიდ ფილებად ჩანდეს, სინამდვილეში ეს სტრუქტურები მალავს უკიდურესად რთულ და დინამიკურ ნაკადების სისტემებს, რომელთა შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
ზოგიერთი მოდელის პროგნოზით, კლიმატის კრიზისის გამო, კუნძულ პაინის მყინვარის დნობა უახლოეს ერთ საუკუნეში მის ხმელეთის ხაზს მიაღწევს, სადაც მყინვარი პირველად ხვდება ოკეანეს ეხება, შემდეგ კი წყალში შეცურდება. სხვა სცენარები მიუთითებს მასის დაკარგვის გაექვსმაგებულ მაჩვენებლზე და ოცი წლის განმავლობაში ხმელეთის ხაზის 40 კილომეტრით გადაადგილებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ კუნძულ პაინის მყინვარის შემცირება არ ნელდება, ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ეს პროცესი არც ჩქარდება.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ერთ-ერთი თანამგზავრის მონაცემების გამოყენებით, ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ანტარქტიდის უდიდესი მყინვარის მიქცევები და ნაკადები შეისწავლეს; შედეგები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.
კონკრეტულად რომ ვთქვათ, შედეგები იმის საწინააღმდეგო აღმოჩნდა, რასაც მეცნიერები ელოდნენ. 2010 წელს ჩატარებული დაკვირვებებისგან განსხვავებით, ამჟამინდელი აღმოჩენები აჩვენებს, რომ მყინვარი ყველაზე სწრაფად დნება ნელა მოძრავ კიდეებზე, ყველაზე სწრაფად მოძრავი ცენტრალური ნაწილის მაჩვენებელი კი 2007 წლის შემდეგ ხუთჯერ შემცირდა.
ავტორთა განცხადებით, მათ მიერ მიღებული შედეგები მხარს უჭერს იმ სიმულირებულ მოდელებს, რომელთა მიხედვითაც, მყინვარის ხმელეთის ხაზის მდებარეობას მხოლოდ მცირე ცვლილება შეეხება.
მოკლედ რომ ვთქვათ, მონაცემები მიუთითებს, რომ კუნძულ პაინის მყინვარი მასის დაკარგვას განაგრძობს, მაგრამ ეს მაჩვენებელი არ სწრაფდება. დნობის ამჟამინდელი მაჩვენებლით, მყინვარი ბოლო 50 წელიწადში 20 კილომეტრით შემცირდა, რაც მკვლევართა აზრით, არაფერია უფრო უკიდურეს შეფასებებთან.
თუმცა, ბრისტოლის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჯონათან ბამბერი გვაფრთხილებს, რომ დიდი სიხარულის მიზეზი მაინც არ გვაქვს.
„შეიძლება კარგი ახალი ამბავი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ ველოდებით, რომ მომავალში ეს მყინვარი მასის დაკარგვას გააგრძელებს და ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში მოიმატებს, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ამას ზოგიერთი სიმულაციური მოდელი გვთავაზობს“, — ამბობს ბამბერი.
კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია bristol.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.