როგორ შეესაბამება ადამიანის ასაკი ძაღლისას — შექმნილია ახალი ფორმულა
როგორ შეესაბამება ადამიანის ასაკი ძაღლისას — შექმნილია ახალი ფორმულა

არავინ იცის, როგორ დაიწყო ან საიდან მოდის მოსაზრება, რომ ადამიანის ერთი წელი ძაღლის ასაკის შვიდ წელს უდრის. ეს გახლავთ ტოტალური მითი. თუმცა, ადამიანებს მოგვწონს, როცა ჩვენი ცხოველი კომპანიონების ასაკს საკუთარს ვარგებთ.

ამის გაკეთების ზუსტი გზის პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ფორმულა, რომელიც ეფუძნება თვითნებურ შედარებებს, არამედ დროთა განმავლობაში დნმ-ის ცვლილებას.

ჯგუფის მეთოდი ეფუძნება ეპიგენეტიკურ მექანიზმს, რომელსაც მეთილირებას უწოდებენ. ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებისა და შინაური ძაღლების (Canis lupus familiaris) დნმ-ის მოლეკულებს ემატება მეთილის ჯგუფის ალკილები, რომლებიც დნმ-ის სეგმენტის აქტივობას ცვლის თავად დნმ-ის ცვლილების გარეშე.

ამას დანამდვილებით აქვს საკუთარი ფუნქცია, მაგრამ ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ დნმ-ის მეთილირება ადამიანებში შეგვიძლია ასაკის დასადგენად, რასაც ეპიგენეტიკურ საათს უწოდებენ.

გამომდინარე აქედან, კალიფორნიის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა, თინა ვანგმა, ტრეი იდეკერმა და მათმა ჯგუფმა ძაღლების ეპიგენეტიკური საათი ადამიანებისას შეადარეს.

ძაღლების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძლიერ ცვალებადია. მაგალითად, დიდი ჯიშები, თუნდაც მასტიფი 6-7 წელს ცოცხლობს, ჩიუაუა კი 17-18 წელს. მიუხედავად ასეთი სხვადასხვაობისა, ყველა ძაღლს აღენიშნება მსგავსი განვითარებადი, ფსიქოლოგიური და პათოლოგიური ტრაექტორია.

ჯგუფის განცხადებით, ერთ ჯიშს აღენიშნება ძლიერი გენომური ჰომოგენურობა, რაც ზრდის კომპლექსურ თვისებებთან (მათ შორის ასაკთან) დაკავშირებული გენეტიკური ფაქტორების გამოვლენის შანსს. შესაბამისად, კვლევისთვის მათ ლაბრადორ რეტრივერის ჯიშის ძაღლები გამოიყენეს.

ამის შემდეგ, ძაღლებისგან მიღებული მონაცემები შეადარეს 320 ადამიანისა და 133 თაგვის სისხლიდან აღებულ მეთილირების პროფილებს. ადამიანთა ასაკი ერთიდან 103 წლამდე მერყეობდა.

მკვლევართა განცხადებით, ტარგეტირებული სეკვენსირების გზით მოახდინეს 16 წლამდე ასაკობრივი დიაპაზონის 104 ლაბრადორის მეთილომის დახასიათება.

ადამიანთა მეთილომებთან შედარების შემდეგ, გამოვლინდა არახაზობრივი კავშირი ძაღლის ასაკის ადამიანის ასაკზე გადაყვანისას.

მსგავსებები ძალზედ დიდი აღმოჩნდა, როცა ახალგაზრდა ძაღლის ასაკს ახალგაზრდა ადამიანისას ვადარებთ, ასაკოვანი ძაღლისას კი ასაკოვანი ადამიანისას.

ეპიგენეტიკური საათების ასეთი დამთხვევის წყალობით, ჯგუფმა შექმნა ადამიანის ასაკის ძაღლისაზე გადაყვანის ფორმულა — ადამიანის ასაკი = 16ln(ძაღლის ასაკი) + 31.

შესაბამისად, თქვენი ძაღლის ასაკის ბუნებრივი ლოგარითმი (იხილეთ კალკულატორი) გაამრავლეთ 16-ზე და შემდეგ მიუმატეთ 31. შედეგად მიიღებთ ადამიანის წლებში გადაყვანილ ძაღლის ასაკს.

ამ ფორმულის გამოყენებით, გარკვეული ეტაპები საკმაოდ კარგად ემთხვევა. აღმოჩნდა, რომ შვიდი კვირის ძაღლი ცხრა თვის ადამიანს შეესაბამება — ასაკი, როცა ჩვილებს კბილები ამოსდით. დაემთხვა ამ ორი სახეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც — 12 წელი ლაბრადორში, 70 ადამიანში.

თუმცა, არც ისე კარგად ემთხვევა ყველა ეტაპი. მაგალითად, ძაღლები სრულ სქესობრივ სიმწიფეს ადამიანებზე სწრაფად აღწევენ და შესაბამისად, არ ემთხვევა პერიოდი ყმაწვილობიდან შუახნის ასაკამდე — 5 წლის ლაბრადორი 56 წლის ადამიანის ეკვივალენტი აღმოჩნდა. თუმცა, ძაღლის მეთილირება ასაკის მატებასთან ერთად ნელდება და ადამიანს შეუძლია ასაკში დაეწიოს.

და რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა სხვადასხვა ჯიშის ძაღლების სხვადასხვანაირად დაბერება. შესაბამისად, ალბათ არასოდეს გვექნება მეთოდი, რომელიც ყველა ჯიშს მოერგება, მაგრამ ეპიგენეტიკურ საათზე დაფუძნებული ფორმულა გაცილებით ზუსტია, ვიდრე უბრალოდ ერთი წლის შვიდზე გამრავლება.

კვლევა ჟურნალ bioRxiv-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.