როგორ მუშაობს „სინოფარმის“ ვაქცინა — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ #1tvმეცნიერება
როგორ მუშაობს „სინოფარმის“ ვაქცინა — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ #1tvმეცნიერება

2020 წლის დასაწყისში, პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტმა კორონავირუსის ინაქტივირებული ვაქცინა, სახელად BBIBP-CorV შექმნა. სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია „სინოფარმის“ მიერ ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 79 პროცენტია. ჩინეთმა ვაქცინა დაამტკიცა და მალევე სხვა ქვეყნებში მისი ექსპორტიც დაიწყო.

კორონავირუსებისგან დამზადებული ვაქცინა

BBIBP-CorV-ის მოქმედების პრინციპი შემდეგია: ორგანიზმს კორონავირუს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას ასწავლის. ანტისხეულები ეკვრის ვირუსულ ცილებს, მაგალითად, ე. წ. წვეტ ცილებს, რომლებითაც ვირუსის ზედაპირია დაფარული.

BBIBP-CorV-ის შესაქმნელად, პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩინეთის სხვადასხვა საავადმყოფოს პაციენტებისგან კორონავირუსის სამი ვარიანტი აიღეს. საბოლოოდ, არჩევანი ერთ-ერთ ვარიანტზე შეაჩერეს, რადგან ის სწრაფად გამრავლდა ბიორეაქტორში გამოზრდილ მაიმუნის თირკმლის უჯრედებში.

ვირუსის მოკვლა

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა კორონავირუსების დიდი მარაგი დაამზადეს, დაამუშავეს ქიმიური ნივთიერება ბეტა-პროპიოლაქტონით. ეს ნივთიერება კორონავირუსების გენებს ბოჭავს და შესაბამისად, აკარგვინებს ქმედუუნარობას. ინაქტივირებულ კორონავირუსებს გამრავლება უკვე აღარ შეუძლიათ. თუმცა, ხელუხლებელი რჩება მათი ცილები, მათ შორის წვეტი ცილებიც.

ამის შემდეგ, ინაქტივირებული ვირუსები მკვლევრებმა შეურიეს ალუმინზე დაფუძნებულ მცირე ოდენობით ნაერთს, რომელსაც ადიუვანტი ეწოდება. ადიუვანტი იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, რომ ვაქცინისადმი პასუხი უფრო გააძლიეროს.

ინაქტივირებულ ვირუსებს საუკუნეზე მეტია იყენებენ. 1950-იან წლებში, ამერიკელმა ვირუსულოგმა ჯონას სოლკმა მათი გამოყენებით შექმნა პოლიოს ვაქცინა. გარდა ამისა, ინაქტივირებული ვირუსები ცოფისა და A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინების საძირკველიც არის.

იმუნური პასუხის წარმოქმნა

ვინაიდან ვაქცინა BBIBP-CorV-ში შემავალი კორონავირუსები მკვდარია, მკლავში გაკეთებისას ისინი დაავადება COVID-19-ს ვეღარ იწვევენ. სხეულში მოხვედრის შემდეგ, ინაქტივირებულ ვირუსთა ნაწილს შთანთქავს იმუნური უჯრედების ერთი ტიპი, რომელსაც ანტიგენწარმდგენი უჯრედი ეწოდება.

ანტიგენწარმდგენი უჯრედები კორონავირუსს შლის და მის ზოგიერთ ფრაგმენტს საკუთარ ზედაპირზე იკრავს. ამ ფრაგმენტების დაფიქსირება შეუძლია ე. წ. დამხმარე T-ლიმფოციტებს. თუ ფრაგმენტი მისი ზედაპირის რომელიმე ცილაში ჩაჯდა, T-ლიმფოციტები აქტიურდებიან და სხვა იმუნურ უჯრედებსაც უხმობენ ვაქცინასთან შესაპასუხებლად.

ანტისხეულების წარმოქმნა

ინაქტივირებულ კორონავირუსს შეიძლება გადაეყაროს იმუნური უჯრედების კიდევ ერთი ტიპი, რომელსაც B-ლიმფოციტებს უწოდებენ. B-ლიმფოციტებს ზედაპირზე წარმოუდგენლად მრავალგვარი ფორმის ცილები აქვთ და ზოგიერთ მათგანს შეიძლება კორონავირუსთან ჩაჭიდებისათვის შესაფერისი ფორმა ჰქონდეს. როდესაც B-ლიმფოციტები იკეტება, შეუძლია შიგნით შეიტანოს ვირუსის რაღაც ნაწილი ან მთლიანად ვირუსი და კორონავირუსების ფრაგმენტები საკუთარ ზედაპირზე გამოიტანოს.

კორონავირუსის წინააღმდეგ გააქტიურებულ დამხმარე T-ლიმფოციტებს იმავე ფრაგმენტთან ჩაჭიდება შეუძლიათ. როცა ასე ხდება, აქტიურდება B-ლიმფოციტებიც. ისინი მრავლდებიან და წარმოქმნიან ანტისხეულებს, რომლებსაც იგივე ფორმა აქვთ, რაც მათ საკუთარ ზედაპირის ცილებს.

ვირუსის შეჩერება

BBIBP-CorV-ით ვაქცინირების შემდეგ, იმუნურ სისტემას ცოცხალი კორონავირუსების ინფექციასთან შეპასუხებაც შეუძლია. B-ლიმფოციტები აწარმოებენ ანტისხეულებს, რომლებიც შემოჭრილ ვირუსებს იჭერენ. ანტისხეულებს, რომლებიც წვეტ ცილებს იღებენ მიზანში, შეუძლიათ აღკვეთონ ვირუსის უჯრედში შესვლა. სხვა სახის ანტისხეულებმა ვირუსი შეიძლება სხვა გზით დაბლოკონ.

ვირუსების დამახსოვრება

„სინოფარმის“ მიერ ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ BBIBP-CorV-ს ადამიანების COVID-19-ისგან დაცვა შეუძლია. თუმცა, ჯერ არავინ იცის, რამდენ ხანს გრძელდება ასეთი დაცვა. არ არის გამორიცხული, რომ ანტისხეულების დონე რამდენიმე თვეში დაეცეს. თუმცა, იმუნური სისტემა ასევე შეიცავს სპეციალურ უჯრედებს, რომლებსაც მეხსიერების B-ლიმფოციტები ეწოდება. კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია მათ შეიძლება წლების ან ათწლეულების განმავლობაში შეინახონ.

ვაქცინის ქრონოლოგია

იანვარი, 2020 — „სინოფარმმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ინაქტივირებულ ვირუსზე მუშაობა დაიწყო.

სინოფარმის საწარმო პეკინში

ივნისი — მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ვაქცინამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა მაიმუნებში. კლინიკური ცდების I-II ფაზამ აჩვენა, რომ ვაქცინა არ იწვევდა რაიმე სახის სერიოზულ გვერდით ეფექტებს და წარმოქმნიდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს.

ივლისი — არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კლინიკური ცდების III ფაზა დაიწყო.

აგვისტო — III ფაზა დაიწყო მაროკოსა და პერუშიც.

14 სექტემბერი — არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სინოფარმის ვაქცინას ჯანდაცვის მუშაკებში გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა. აიცრნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ნოემბერი — სინოფარმის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ვაქცინით ჩინეთში უკვე მილიონზე მეტი ადამიანი იყო აცრილი.

3 ნოემბერიაიცრა დუბაის მმართველი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი.

9 დეკემბერი — არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სინოფარმის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მისცა და განაცხადა, რომ მან 86-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. თუმცა, მთავრობას არ გამოუქვეყნებია სხვა რაიმე დეტალი და შესაბამისად, უცნობია, საიდან მივიდნენ ისინი ასეთ დასკვნამდე.

13 დეკემბერი — ვაქცინა დაამტკიცა ბაჰრეინმაც.

30 დეკემბერი — სინოფარმმა განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 79,34 პროცენტია, რის საფუძველზეც, ჩინეთის ხელისუფლებამ ის დაამტკიცა.

3 იანვარი, 2021 — ეგვიპტემ ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

12 მარტი — უნგრეთმა სინოფარმის ვაქცინის თითო დოზაში 36 დოლარი გადაიხადა.

სინოფარმის ვაქცინას ამჟამად იხილავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. ჯანდაცვის ექსპერტები ავტორიზაციას უახლოეს დღეებში პროგნოზირებენ.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.