როგორ გამოიყურება ღმერთი ამერიკელების აზრით - ახალი კვლევა
როგორ გამოიყურება ღმერთი ამერიკელების აზრით - ახალი კვლევა

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა ჯგუფმა ახალი მეთოდი გამოიყენა, რათა გაეგო, როგორ გამოიყურება ღმერთი 511 ამერიკელი ქრისტიანის აზრით.

კვლევის მონაწილეებს აჩვენეს ასობით სხვადასხვა, შემთხვევით ცვალებადი სახის წყვილი და თითოეული წყვილიდან შეარჩევინეს ის სახე, რომელიც მათი წარმოდგენით, უფრო მეტად ჰგავდა ღმერთს. შერჩეული სურათების კომბინირების შედეგად, მკვლევრებმა შექმნეს „ღმერთის სახის“ კომპოზიტური ფოტო.

შედეგები საკირველი აღმოჩნდა. მიქელანჯელოდან დაწყებული, მონტი პაითონით დამთავრებული, ღმერთის გამოსახულება ყოველთვის წარმოადგენდა მოხუც, თეთრწვერა, კავკასოიდ (ევროპეიდ) კაცს. მაგრამ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ბევრ ქრისტიანს ღმერთი წარმოუდგენია ახალგაზრდა, უფრო ფემინურ და ნაკლებად კავკასოიდ მამაკაცად.


სინამდვილეში, ადამიანების მიერ ღმერთის აღქმა ნაწილობრივ ეყრდნობოდა მათ პოლიტიკურ კუთვნილებას. გაირკვა, რომ ლიბერალებს ღმერთი წარმოუდგენიათ უფრო ფემინურ, მოსიყვარულე ახალგაზრდად, ვიდრე კონსერვატორებს. მათგან განსხვავებით, კონსერვატორები ღმერთს უფრო კავკასოიდ, ძლევამოსილ კაცად ხედავენ.

„ასეთი მიკერძოება შეიძლება, მომდინარეობდეს საზოგადოებათა იმ ტიპისგან, როგორიც ლიბერალებსა და კონსერვატორებს სურთ. წინა კვლევამ აჩვენა, რომ კარგად მოწესრიგებულ საზოგადოებაში ცხოვრებისკენ კონსერვატორები ლიბერალებზე მეტად არიან მიდრეკილი, საზოგადოებისკენ, რომელსაც ყველაზე უკეთ ძლევამოსილი ღმერთი აწესრიგებს. მეორე მხრივ, ლიბერალებს უფრო ტოლერანტულ საზოგადოებაში ცხოვრება სურთ, რომელსაც განაგებს და აწესრიგებს მოსიყვარულე ღმერთი“, — ამბობს კვლევის ავტორი ჯოშუა კონრად ჯეკსონი.

გარდა ამისა, ხალხის აღქმები ასევე დამოკიდებულია მათ დემოგრაფიულ მახასიათებლებზე. ახალგაზრდებს სწამთ ახალგაზრდული შესახედაობის ღმერთის. ცნობილია, რომ ფიზიკურად მიმზიდველ ხალხს ღმერთი ასევე ფიზიკურად მიმზიდველი წარმოუდგენია. აფროამერიკელებს ღმერთი უფრო მეტად აფროამერიკელად ჰყავთ აღქმული, ვიდრე კავკასოიდად.

პროფესორ კურტ გრეის თქმით, ხალხის მიდრეკილება, რომ იწამონ ღმერთი, რომელიც მათ ჰგავს, სრულ შესაბამისობაში მოდის ეგოცენტრულ შეფასებასთან.

„საკუთარ რწმენებსა და თვისებებს ხალხი ხშირად სხვებზე აგებს. როგორც ჩვენი კვლევა აჩვენებს, ამ მხრივ გამონაკლისი არც ღმერთის იერსახეა — ადამიანებს სწამთ ღმერთის, რომელიც არა მხოლოდ მათსავით ფიქრობს, არამედ გარეგნულადაც ჰგავს“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ფსიქოლოგიის პროფესორი კურტ გრეი.

საინტერესოა, რომ კვლევის მონაწილეებმა ეგოცენტრული შეფასება არ გამოავლინეს გენდერთან მიმართებაში. კაცებსაც და ქალებსაც თანაბრად სჯერათ, რომ ღმერთს მამაკაცის შეხედულება აქვს.

კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით