როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან COVID-19-ის პანდემიის დროს — ექსპერტის რჩევები
იუტის შტატის ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორმა ამანდა ჰიუსმა მთელი თავისი კარიერა უბედურებებისა და კრიზისების დროს სოციალური მედიის შესწავლას მიუძღვნა. პროფესორი იკვლევს, როგორ ერთვება საზოგადოება კრიზისების დროს სოციალურ მედიაში და რამდენად პოულობენ ადამიანები სანდო ინფორმაციას.
ამ საკითხის კვლევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა კორონავირუსის პანდემიის დროს, რადგან ინტერნეტში სწრაფად ვრცელდება დეზინფორმაცია ამ ვირუსის შესახებ. სოციალურ მედიაში გავრცელებული დიდი ოდენობით დეზინფორმაცია ცუდად მოქმედებს ხალხის შეხედულებაზე და იწვევს დაბნეულობას.
„იმის გამო, რომ COVID-19-ის კრიზისი გლობალური მოვლენაა, სოციალურ მედიაში მის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ინფორმაცია ვრცელდება. წარსულში უკვე შესწავლილი გვაქვს რამდენიმე დიდი მოვლენა, მაგრამ რადგან ახლა საქმე გვაქვს გლობალურ პანდემიასთან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დიდძალ ინფორმაციაში გავარჩიოთ სიმართლე და დეზინფორმაცია“, — ამბობს ჰიუსი.
პროფსორი ჰიუსი გვთავაზობს სამ გზას, რომლითაც შეგვიძლია, მთელი ამ არეულობის დროს ინტერნეტში გავრცელებულ ცნობებში გამოვარჩიოთ სანდო ინფორმაცია.
- სანდო წყაროები: გლობალური პანდემიის დროს მთავარი ყურადღება უნდა მიაქციოთ ინფორმაციის წყაროს. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან ჯანდაცვის ადგილობრივი დეპარტამენტები.
- იყავით სკეპტიკური: გამადიდებელი შუშით შეხედეთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნებისმიერ ცნობას, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც ემოციურ რეაქციებს აღვიძებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ისინი ოფიციალურ წყაროებში. დეზინფორმაციის შემცველი მრავალი მასალა გამიზნულია თქვენი გაბრაზების, აღელვების ან ემოციების აშლისათვის, რამაც თქვენ მისი გაზიარებისკენ უნდა გიბიძგოთ.
- ცოტა იმოქმედეთ და გადაამოწმეთ: როგორც წესი, სანდო ანგარიშებს აქვთ სრული პროფილი, პროფესიონალური იერსახე და ტონი; თუმცა, შესაძლებელია ამ ყველაფრის გაყალბებაც. ამიტომ, ეძებეთ ნიშნები, რომელთა გაყალბებაც რთულია, მაგალითად, ამ ანგარიშის მიერ წარსულში გამოქვეყნებული ცნობების სანდოობა ან ვის აქვს გამოწერილი ეს ანგარიში.
დეზინფორმაცია ხშირად მაშინ ვრცელდება, როდესაც კარგი განზრახვით მოქმედი ადამიანები რაღაცას გაიგებენ მეგობრის მეგორებისგან და ამას პოსტავენ ისე, როგორც სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, არის რაღაც, რაც COVID-19-ის პანდემიას წარსიულის კატასტროფებისგან განასხვავებს — ახლა ბევრი ადამიანი დაკავებულია დეზინოფრმაციის ძებნით და მისი სიმართლით ჩანაცვლებით.
„იმის გამო, რომ ეს მოვლენა ნელა ვრცელდება და ადამიანები სახლში არიან რესურსებთან ერთად, ბევრ ადამიანს აქვს საშუალება იყოს მოხალისე, შეაგროვოს და საზოგადოებისთვის გაავრცელოს სანდო ინფორმაცია“, — ამბობს ჰიუსი.
პანდემიის დროს დეზინფორმაცია არა მხოლოდ დამაბნეველი, არამედი ძალიან სახიფათოც შეიძლება იყოს. გაზიარების ღილაკს ახლა იმხელა მნიშვნელობა აქვს, როგორც არასდროს. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იფიქროთ, შემდეგ კი ისე იმოქმედოთ სოციალურ მედიაში.
სხვა მრავალ დეზინფორმაციას შორის, ბოლო დროს განსაკუთრებით აგორდა მითი კორონავირუსისა და 5G ტექნოლოგიას შორის, რაც მკვლევართა განცხადებით, უბრალოდ მავნებლობაა.
უკიდურესად მნიშვნელოვანია, გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც კორონავირუსის შესახებ ეცნობით. აქვე გეტყვით, რომ 1tv.ge მხოლოდ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას გთავაზობთ.
მომზადებულია techxplore.com-ის მიხედვით.