როგორ დაკარგა ვენერამ წყალი და გადაიქცა ჯოჯოხეთურ პლანეტად — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
როგორ დაკარგა ვენერამ წყალი და გადაიქცა ჯოჯოხეთურ პლანეტად — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მეცნიერებს სჯერათ, რომ ერთ დროს, ვენერა ძლიერ ჰგავდა დედამიწას. როგორ გადაიქცა ის ამ წერტილიდან ისეთად, როგორიც დღესაა — არის საკმაოდ ღრმა მნიშვნელობის კითხვა, არა მხოლოდ ჩვენი პლანეტის მომავლისთვის, არამედ მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის ძებნისთვისაც.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ გამოცანის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ამოხსნეს — ვენერას მიერ წყლის დაკარგვის საიდუმლო.

„ვენერას დედამიწაზე 100 000-ჯერ ნაკლები წყალი აქვს. ამავე დროს, ის თითქმის დედამიწის მსგავსი ზომის და მასისაა“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი მაიკლ ჩაფინი.

მთავარი დამნაშავე? ახალი კვლევა მიუთითებს პროცესზე, სახელად დისოციაციური რეკომბინაცია, რის შედეგადაც, ვენერას წყალბადმა კოსმოსში გაჟონა და გამოიწვია პლანეტის მიერ წყლის იმაზე გაცილებით დაკარგვა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

ვენერას და დედამიწის გვერდიგვერდ შესწავლა ძალიან საინტერესო კითხვებს ბადებს. ზომისა და მასის მსგავსების გარდა, ორივე პლანეტა მეტნაკლებად ერთნაირი ქანებისგან შედგება, აქვთ ერთნაირი რკინის ბირთვი და კლდოვანი მანტიის სტრუქტურა.

მაშინ, როცა დედამიწა აყვავებული, სველი და სიცოცხლით სავსეა, ვენერა მისგან რადიკალურად განსხვავდება. ვენერას გარს აკრავს ნახშირორჟანგის ტოქსიკური ღრუბლები, საიდანაც გოგირდმჟავა წვიმს. მისი ზედაპირი ვულკანიზმის მიერ არის გამოკვეთილი და განიცდის სათბურის ეფექტს, რომლის გამოც, იქ ტემპერატურა 464 გრადუს ცელსიუსამდე ადის.

თუმცა, წყლის არარსებობა პრობლემად რჩებოდა. ვენერადან წყლის „გაქცევის“ მოდელები (პლანეტებიდან წყალი სულ ჟონავს) ვერ ანგარიშობდა წყლის რაოდენობას, რომელიც ვენერას უნდა დაეკარგა, გამომდინარე იქიდან, რომ მას მეტნაკლებად იმავე ოდენობის წყალი უნდა ჰქონოდა, რაც დედამიწამ მიიღო ფორმირების დროს, მილიარდობით წლის წინ.

დღეს რომ დედამიწის ზედაპირზე წყალი თანაბრად იყოს გადანაწილებული, მივიღებდით 3 კმ სიღრმის გლობალურ ოკეანეს; ამას გლობალურ ეკვივალენტურ შრეს (GEL) უწოდებენ. ვენერას GEL სულ რაღაც 3 სანტიმეტრია.

ვენერა

მკვლევართა ჯგუფმა მაიკლ ჩაფინისა და მისი კოლეგის, პლანეტური მეცნიერის, ერინ კანგის ხელმძღვანელობით, ამ შეუსაბამობის შესწავლა განიზრახა ვენერას ატმოსფეროში მიმდინარე პროცესთა კომპიუტერული სიმულაციების ჩატარების გზით. შედეგები მიუთითებს პროცესზე, რომელიც მთელი 50 წლის განმავლობაში ყველას გამორჩა: რეკომბინაცია მოლეკულისა, სახელად HCO+.

ეს გახლავთ პოზიტიური იონი, რომელიც შედგება წყალბადის, ნახშირბადისა და ჟანგბადისგან — ისინი ნახშირორჟანგისა და წყლის კომბინაციის შედეგადაა წარმოქმნილი და დაკარგული აქვს უარყოფითად დამუხტული ელექტრონები. ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც ელექტრონები მოლეკულას ერწყმის (რეკომბინაცია), ხდება წყალბადის ამოვარდნა და მისი კოსმოსში გატყორცნა. წყალბადის გარეშე კი, წყლის წარმოქმნა უკვე შეუძლებელი ხდება.

ამ მექანიზმით შეიძლება აიხსნას იმაზე თითქმის ორჯერ მეტი წყლის დაკარგვა, ვიდრე წინა თეორიების მიხედვით იყო და სუფთად ხსნის პრობლემას დედამიწისა და ვენერას წყლის რაოდენობათა სხვაობის თაობაზე.

თუმცა, არის ერთი დეტალი. ეს მოდელი მოითხოვს საკმაოდ ბევრ HCO+-ს ვენერას ატმოსფეროში. ამ დრომდე ის იქ საერთოდ არ დაგვიფიქსირებია. მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება ისაა, რომ არც გვიძებნია.

ეს საკითხი შეიძლება საბოლოოდ გადაჭრას ვენერას სამომავლო მისიებმა.

„ვენერაზე ჯერ ბევრი მისია არც ყოფილა. ახლა იგეგმება მისიები, რომლებიც ათწლეულობის კოლექტიურ გამოცდილებას გამოიყენებს ამ ექსტრემალური პლანეტის შესასწავლად“, — ამბობს კანგი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.