როგორ და რა სიჩქარით მოძრაობს დედამიწა
როგორ და რა სიჩქარით მოძრაობს დედამიწა

ჩვენთვის, როგორც დედამიწის მცხოვრებლებისთვის, ადვილია დავიჯეროთ, რომ ჩვენი პლანეტა უძრავია. ჩვენ გარშემო ვერანაირ მოძრაობას ვამჩნევთ, მაგრამ ცაში ახედვაც საკმარისია, რათა დავინახოთ მტკიცებულებები, რომ ვმოძრაობთ.

ზოგიერთი ადრეული ასტრონომი ვარაუდობდა, რომ ჩვენ გეოცენტრულ სამყაროში ვცხოვრობთ, ანუ, დედამიწა ყველაფრის ცენტრია. ისინი ამბობდნენ, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავდა, რაც იწვევდა აისსა და დაისს. იგივეს ამტკიცებდნენ მთვარისა და პლანეტების მოძრაობის შესახებ. მაგრამ ამ ხედვას ხელს უამრავი რამ უშლიდა.

ე. წ. რეტროგრადული მოძრაობა ხდება მაშინ, როცა დედამიწა „დაეწევა“ ორბიტაზე მოძრავ სხვა პლანეტას. მაგალითად, მარსი მზეს გარს უვლის დედამიწაზე უფრო შორი მანძილიდან. დედამიწისა და მარსის ორბიტების გარკვეულ წერტილში, ჩვენ ვეწევით წითელ პლანეტას, რომელიც ამის შემდეგ ჩაგვივლის. როდესაც მარსი ჩაგვივლის, ის ცაში უკან-უკან მოძრაობს. ჩვენი ჩავლის დროს ის კვლავ წინ მოძრაობას იწყებს.

იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მზის სისტემის ცენტრი მზეა, არის პარალაქსზე დაკვირვება. პარალაქსი არის ვარსკვლავების ერთმანეთის მიმართ განლაგების შესამჩნევი ცვალებადობა. მარტივი მაგალითისათვის, დაიჭირეთ საჩვენებელი თითი სახის წინ, მკლავის გაწვდენის მანძილზე. დახუჭეთ მარჯვენა თვალი და შეხედეთ მას მხოლოდ მარცხენა თვალით. შემდეგ პირიქით, დახუჭეთ მარცხენა და გაახილეთ მარჯვენა თვალი. თითის ხილული ადგილმდებარეობა იცვლება. ამის მიზეზი ის არის, რომ თქვენი მარჯვენა და მარცხენა თვალები თითს სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ.

ზუსტად იგივე ხდება დედამიწის შემთხვევაში, როცა ვარსკვლავებს ვუყურებთ. მზის გარშემო ერთ შემოვლას დედამიწა 365 დღეს ანდომებს. თუკი რომელიმე ვარსკვლავს ზაფხულში ვუყურებთ და შემდეგ კვლავ შევხედავთ ზამთარში, ცაში მისი ხილული ადგილმდებარეობა შეიცვლება, რადგან ამ პერიოდებში ჩვენი ორბიტის სხვადასხვა წერტილებში ვიმყოფებით და ვარსკვლავსაც სხვადასხვა ხედვის წერტილიდან ვუყურებთ. მარტივი გამოთვლების საშუალებით, პარალაქსის გამოყენებით ასევე ადგენენ მანძილს ამ ვარსკვლავამდე.

რამდენად სწრაფად ვბრუნავთ?

დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო მუდმივია, მაგრამ სიჩქარე დამოკიდებულია განედზე, რომელზეც იმყოფებით. NASA-ს მონაცემებით, დედამიწის ეკვატორის გარშემოწერილობა 40 070 კილომეტრია. თუკი გაითვალისწინებთ, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობა 24 საათია და ეკვატორის სიგრძეს ამ რიცხვზე გაყოფთ, მიიღებთ, რომ ეკვატორთან მოძრაობის სიჩქარე 1670 კმ/სთ-ია.

თუმცა, სხვა განედებზე ასე სწრაფად ვერ იმოძრავებთ. მაგალითად, 45 გრადუსიან განედზე მოძრაობის სიჩქარე 1180 კმ/სთ-ია. ამაზე უფრო ჩრდილოეთით ან სამხრეთით წასვლისას სიჩქარე კიდევ უფრო კლებულობს, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე კი ძალიან ნელდება — ადგილზე ერთ შემობრუნებას იქ მთელი დღე სჭირდება.

დედამიწის ბრუნვის უპირატესობის გამოყენება ძალიან უყვართ კოსმოსურ სააგენტოებს. მაგალითად, თუ ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ადამიანებს გზავნიან, ყველაზე სასურველი ადგილი ეკვატორთან უფრო ახლოს მდებარე კოსმოდრომია. დედამიწის ბრუნვის მიმართულებით რაკეტის გაშვება მას უფრო მეტ სიჩქარეს სძენს.

რა სიჩქარით მოძრაობს დედამიწა მზის გარშემო?

დედამიწის ბრუნვა რა თქმა უნდა, ერთადერთი მოძრაობა არაა, რომელსაც კოსმოსში განვიცდით. კორნელის უნივერსიტეტის ცნობით, დედამიწა მზის გარშემო 107 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ამის დაანგარიშება მარტივი გეომეტრიითაც შესაძლებელია.

პირველ რიგში საჭიროა იმის გარკვევა, რა მანძილს გადის დედამიწა. ჩვენი პლანეტა მზის ერთ გარშემოვლას 365 დღეს ანდომებს. ორბიტა ელიფსურია, მაგრამ სიმარტივისათვის, ჩავთვალოთ, რომ ის წრიულია. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ცნობით, მანძილი დედამიწასა და მზეს შორის, რასაც ასტრონომიულ ერთეულსაც უწოდებენ, 149,597,870 კილომეტრია. ეს რადიუსია (r ). წრეწირის სიგრძე უდრის 2 x π x r. შესაბამისად, ერთ წელში, დედამიწა გაივლის 940 მილიონ კილომეტრს.

დედამიწის სიჩქარის გამოსათვლელად, 940 მლნ კილომეტრს ყოფენ 365,25 დღეზე, მიღებულ შედეგს კი 24 საათზე ყოფენ, რათა გამოთვალონ საათში გავლილ კილომეტრთა ოდენობა. შესაბამისად, დედამიწა დღეში 2,6 მილიონ კილომეტრს გადის, 107 206 კმ/სთ სიჩქარით.

მზე და გალაქტიკაც მოძრაობს

თავის მხრივ, ირმის ნახტომში, ორბიტაზე მზეც მოძრაობს. ჩვენი დედავარსკვლავი გალაქტიკის ცენტრს (სუპერმასიური შავი ხვრელი მშვილდოსანი A*) დაახლოებით 25 000 სინათლის წლითაა დაშორებული. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელია. სტენფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, მზე გალაქტიკის ცენტრიდან დაახლოებით შუა მონაკვეთშია განთავსებული. მზე თავის სისტემით, გალაქტიკის ცენტრის გარშემო წამში 200 კილომეტრის სიჩქარით, ანუ 720 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ამ სისწრაფითაც კი, ირმის ნახტომის ერთ გარშემოვლას მზე 230 მილიონ წელიწადს ანდომებს.

აღსანიშნავია, რომ კოსმოსში, სხვა გალაქტიკებთან მიმართებაში მოძრაობს თავად ირმის ნახტომიც. დაახლოებით 4 მილიარდ წელიწადში, ჩვენი გალაქტიკა თავის უახლოეს მეზობელს, ანდრომედას გალაქტიკას შეეჯახება. ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთის მიმართულებით წამში 112 კილომეტრის სიჩქარით მიჰქრის.

გამომდინარე აქედან, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ კოსმოსში ყველაფერი მოძრაობს.

რა მოხდება, თუ დედამიწა ღერძის გარშემო ბრუნვას შეწყვეტს?

არ არსებობს არანაირი შანსი, რომ დედამიწას მოსწყდეთ და კოსმოსში გაიტყორცნოთ, რადგან დედამიწის გრავიტაცია ღერძის გარშემო ბრუნვაზე გაცილებით ძლიერია (ამ უკანასკნელს ცენტრიპეტალურ აჩქარებას უწოდებენ). უძლიერეს წერტილში, ანუ ეკვატორთან, ცენტრიპეტალური აჩქარება დედამიწის გრავიტაციას მხოლოდ 0,3 პროცენტით ეწინააღმდეგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ვერც კი შენიშნავთ, მაგრამ ეკვატორთან ოდნავ უფრო ნაკლებს აიწონით, ვიდრე პოლუსებზე.

NASA-ს განცხადებით, იმის შანსი, რომ დედამიწამ საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვა შეწყვიტოს, მომდევნო რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ნულის ტოლია. მაგრამ თეორიულად, თუკი დედამიწა უცბად ბრუნვას შეწყვეტს, ეფექტები შემზარავი იქნება. ატმოსფერო ჯერ კიდევ იბრუნებს დედამიწის ბრუნვის სიჩქარის მაჩვენებლით. როგორც NASA-ს აღნიშნავს, ამ შემთხვევაში ყველაფერი აღიგვება პირისაგან მიწისა — ხალხი, შენობები, ხეები, ქანებიც კი.

რა მოხდებოდა, ეს პროცესი რომ უფრო თანდათანობითი ყოფილიყო? NASA-ს ინფორმაციით, ეს სცენარი უფრო სავარაუდოა მილიონობით წლის შემდეგ, რადგან დედამიწის ბრუნვას თანდათან ანელებნ მზე და მთვარე. ფიზიკის კანონების თანახმად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, სადამდეც შეიძლება, რომ დედამიწამ ბრუნვა შეანელოს, არის 1 ბრუნი 365 დღეში. ამ სიტუაციას „მზის სინქრონულს“ უწოდებენ და პლანეტას აიძულებს, მისი ერთი მხარე მუდმივად მზისკენ იყოს მიმართული, მეორე კი პირიქით. მაგალითისათვის, დედამიწისადმი სინქრონულია მთვარე, როს გამოც, ჩვენ მუდმივად მის ერთ მხარეს ვხედავთ. სხვაგვარად ამ მოვლენას გრავიტაციულ ჩაკეტილობასაც უწოდებენ.

დავუბრუნდეთ უცაბედი გაჩერების სცენარს. NASA-ს ცნობით, თუკი დედამიწა ბრუნვას სრულიად შეწყვეტს, შედეგები მართლაც შემზარავი იქნება. გარკვეულწილად გაქრება მაგნიტური ველიც, რომელსაც ნაწილობრივ, სწორედ ბრუნვა წარმოქმნის. სავარაუდოდ, გაუჩინარდება ვან ალენის რადიაციული სარტყლებიც. ამის შემდეგ კი, დედამიწა მრისხანე მზის წინაშე სრულიად შიშველი, დაუცველი დარჩება. ყველაფერს მზისგან მომდინარე რადიაცია წალეკავს.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.