როდის შეიძლება მიაღწიოს Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინამ რიგით ადამიანებამდე — ქრონოლოგია #1tvმეცნიერება
ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილმა მისმა ვაქცინამ წარმატებით გაიარა კლინიკური ცდების ბოლო, მე-3 ფაზა და დამტკიცდა, რომ ის 90 პროცენტით ეფექტიანია COVID-19-ის პრევენციაში.
სრულიად ახალი ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წელიწადზე ნაკლებ დროში შექმნა რაღაც ისეთია, რისი მომსწრეც აქამდე არასოდეს ვყოფილვართ, რადგან ვაქცინაზე მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და აქამდე, პროცესს წლები სჭირდებოდა.
თუმცა, ვაქცინაზე მუშაობის დასრულება და ამ ვაქცინით დიდი რაოდენობით ადამიანის აცრა ორი სხვადასხვა რამეა.
გამოცემა Business Insider-ი აქვეყნებს იმ ნაბიჯების ქრონოლოგიას, რაც ამის შემდეგ არის საჭირო.
• შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად, Pfizer-ს უფრო მეტი მონაცემი სჭირდება ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ. კომპანიის განცხადებით, ეს მონაცემები 16 ნოემბრიდან გახდება ცნობილი.
• ამის შემდეგ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) უნდა გადაწყვიტოს, გასცეს თუ არა ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა. უცნობია, რამდენი დრო შეიძლება წაიღოს ამ პროცესმა, მაგრამ სააგენტო აცხადებს, რომ სწრაფად იმოქმედებს (ნებართვა თავდაპირველად შეიძლება გაიცეს მხოლოდ რისკჯგუფების ვაქცინაციაზე, მაგალითად, ხანდაზმულებისა და სამედიცინო პერსონალის).
• Pfizer-ი აცხადებს, რომ წელსვე შეუძლია დაამზადოს გარკვეული ოდენობის ვაქცინა, დაახლოებით 50 მილიონი დოზა.
• აღსანიშნავია, რომ საჭიროა ვაქცინის ორი დოზის გაკეთება; შესაბამისად, 50 მილიონი დოზა საკმარისი იქნება 25 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის. პირველ და მეორე აცრას შორის უნდა დავიცვათ სამკვირიანი შუალედი.
• კომპანიის განცხადებით, 2021 წელს შეუძლია დაამზადოს 1,3 მილიარდი დოზა. სწორედ ამ დროს იქნება შესაძლებელი იმ ადამიანთა აცრა, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან.
• ვაქცინის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ულტრაცივ ტემპერატურაზე, მინუს 70 გრადუს ცელსიუსზე, რაც ზოგიერთ რეგიონში მის სწრაფ შეტანას ნამდვილად გაართულებს.
• ვაქცინის გავრცელებას შეიძლება ხელი შეუშალოს სხვა ლოგისტიკურმა პრობლემებმა, მაგალითად, მინის ბოთლების დეფიციტმა.
ვაქცინის მილიონობით დოზა უკვე შეუკვეთა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, იაპონიამ და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის ვაქცინაზე გამალებით მუშაობენ სხვა კომპანიებიც, რომელთა შედეგებსაც სულ მალე ვიხილავთ.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.