მექსიკაში, ტეუაკანის ხეობაში არსებული კოსკატლანის მღვიმე სხვებისგან გამორჩეული დროის კაფსულაა. მისი მტვრიანი ფსკერი ისტორიის წიგნია, რომლის ფურცლებიც დეტალურად გვიყვება ამ მიწის მცხოვრებთა საკვებისა და ტექნოლოგიების შესახებ ათასწლეულების განმავლობაში.
ამერიკელმა და მექსიკელმა არქეოლოგებმა ბოლოსდაბოლოს მიაგნეს ამ წიგნის პირველ თავს; დატარიღების მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ ამ გამოქვაბულის უძველეს შრეებში ჩამარხულ ცხოველთა ძვლების ასაკი განსაზღვრეს.
შედეგები გასაოცარია და მიუთითებს, რომ ამ ზონაში ადამიანები 33 000 წლის წინაც იყვნენ, ათასობით წლით უფრო ადრე, ვიდრე ყინულის ფენები მაქასიმალურად დაფარავდა დედამიწას, დაახლოებით 20 000 წლით უფრო ადრე, ვიდრე ამერიკის მიწაზე ადამიანთა ყოფნას ამჟამინდელი მტკიცებულებები მიუთითებდა.
მკვლევრებმა რადიონახშირბადული დათარიღება რამდენჯერმე განახორციელეს. უახლესი კვლევა აიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგმა ენდრიუ სომერვილმა ჩაატარა და მის მიერ მიღებული შედეგები კიდევ უფრო ამძაფრებს დებატებს ამერიკის კონტინენტის შუაგულში ადამიანთა მიგრაციის ქრონოლოგიის შესახებ.
„გაოცებული ვართ მღვიმის ფსკერზე ასე ძველი თარიღების პოვნით; ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა იქ ნაპოვნი არტეფაქტების დეტალურად შესწავლა“, — ამბობს სომერვილი.
ტეუაკან-კუიკატლანის ხეობა სამხრეთ მექსიკაში მდებარეობს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მართლაც კარგი მიზეზის გამოა შეტანილი. ის არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ზონაა, არამედ მისმა მშრალმა კლიმატმა ათასობით წლის განმავლობაში შემოინახა ადამიანთა საქმიანობის შედეგები; შედეგად, ეს ზონა ნამდვილი განძია იმ მკვლევართათვის, რომლებიც ახალ მსოფლიოში ადამიანთა გავრცელების ამბავს სწავლობენ.
კოსკატლანის გამოქვაბული ხეობის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ამ არქეოლოგიური საგანძურის ყველაზე ძვირფასი ნაწილია. დანალექების ღრმა ფენებში მშრალმა გარემომ შემოგვინახა ადამიანთა აქტივობის ქრონოლოგია ჯერ კიდევ 11 000 წლის წინანდელი პერიოდიდან.
მღვიმის შესწავლა მეცნიერებმა 1990-იანი წლებიდან დაიწყეს. ქრონოლოგიაში მათ ზოგიერთი ზოგიერთი მცენარის ნამარხიც დაეხმარა.
მღვიმის შრეებში აღმოჩენილი მცენარეული მასალის დაახლოებით სამი-მეოთხედი დრამატულად არღვევდა თანმიმდევრობას. ამის შემდეგ, მკვლევრებს მღვიმის ზოგადი სტრუქტურის ქრონოლოგიაში ეჭვი შეეპარათ და მისი საიმედოობაც გარკვეულწილად შეირყა.
ბოლომდე არ იყო შეფასებული მღვიმის ყველაზე ქვედა შრეები და სომერვილი და მისი ჯგუფი კარგად მიხვდა, რომ გამოქვაბულის ქრონოლოგიის დასაზუსტებლად დამატებითი სამუშაოები იყო ჩასატარებელი.
„არც ამ დებატებში მონაწილეობას ვცდილობდით და არც უძველეს ნიმუშთა აღმოჩენას, უბრალოდ გვსურდა, ჩვენი კვლევა, რომელიც სოფლის მეურნეობის საკითხებს ეხებოდა, ქრონოლოგიურად უფრო გაგვემყარებინა“, — ამბობს სომერვილი.
მღვიმეში აღმოჩენილი 14 კურდღლის, ბოცვრისა და ირმის ძვლებზე ამაჩქარებელი მასსპექტრომეტრით ჩატარებული რადიონახშირბადული დათარიღებით, მკვლევრებმა თარიღების კატალოგი შექმნეს და განსაზღვრეს, როდის ცხოვრობდნენ იქ ეს ცხოველები.
გაირკვა, რომ უკანასკნელი მათგანი 5000 წლის წინ იყო ცოცხალი, მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ამ ზონაში ადამიანებიც არსებობდნენ.
რამდენიმე კურდღლისა და ბოცვრის ბარძაყის ძვალი დაახლოებით 33 000 წლის წინანდელი აღმოჩნდა, ანუ იმ პერიოდის, რომელიც ამერიკის კონტინენტზე ადამიანთა ყოფნის ყველა ამჟამინდელ მტკიცებულებაზე ძველია და უფრო მეტიც, ეს მიწა ამ პერიოდიდან სულ მალე, დანარჩენ მსოფლიოს კლიმატის ცვლილებამ მოსწყვიტა.
„ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ადამიანთა გამოჩენის პერიოდის გადაწევა, ანუ თუ ეს 30 000 წლის წინ მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ამ კონტინენტზე ბოლო გლაციალურ მაქსიმუმამდე იყვნენ, როდესაც გამყინვარების ხანა პიკში შევიდა“, — აღნიშნავს სომერვილი.
მისივე განცხადებით, ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ნაწილი ადამიანებისთვის არახელსაყრელი უნდა ყოფილიყო. მყინვარებს სრულიად ჩახერგილი უნდა ჰქონოდა ალასკიდან ან კანადიდან ნებისმიერი გადმოსასვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ამერიკის მიწაზე სავარაუდოდ ნავებით უნდა მოსულიყვნენ, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ.
აღსანიშნავია, რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ პირველი კვლევა, რომელიც ამერიკის კონტინენტზე ადამიანთა მიგრაციას ჯერ კიდევ გამყინვარებამდელ ხანაში ვარაუდობს. 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ კალიფორნიის კლდეებზე მასტოდონტის ძვლებით 130 000 წლის წინ გაკეთებული ნაკაწრების კვალი იპოვა, რაც შესაძლოა, ადამიანის ხელით იყოს შესრულებული.
მასტოდონტის მსგავსად, კურდღლისა და ბოცვრის ძვლებსაც აკლია ბევრი არგუმენტი. მაგალითად, ჯერ უცნობია ისიც, ურევია თუ არა ადამიანთა ხელი გამოქვაბულის ფსკერზე კურდღლის ძვლების განმარხებაში.
მტკიცებულებას უფრო გაამყარებდა დაკვლის ან ცეცხლზე დამუშავების კვალი, ანდაც დანალექების ამავე შრეში ხელსაწყოების გამოყენების ნიშნები.
ამ მიმართულებით კვლევას სომერვილი მომავალში გეგმავს.
კვლევა Latin American Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.iastate.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.