SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ, COVID-19-მა მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა. პანდემიის შესაჩერებლად უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საგანგებო რეჟიმზე გადადის ან სრულად იხურება. ასეთ უჩვეულო ვითარებაში ჩნდება კითხვა: „როდის დასრულდება ეს ყველაფერი?“ პასუხი მეტწილად დამოკიდებულია ინფექციის გამომწვევი ახალი კორონავირუსის შესახებ არსებულ არასრულ ცოდნაზე, ასევე იმაზე, შეგხვდება თუ არა ეს დაავადება ხელმეორედ და რამდენად სწრაფად იქნება ვაქცინა.
როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი?
არსებობს ასეთი შეთანხმება, რომ პანდემია მხოლოდ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავების შემდეგ დასრულდება. ეს მაშინ ხდება, როდესაც საზოგადოებაში საკმარისი რაოდენობის ადამიანი პათოგენისგან დაცულია. არსებობს ამ გამოსავლის ორი შესაძლო ვარიანტი. ერთი არის იმუნიზაცია, ანუ აცრა — მკვლევრებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა უნდა შექმნან, ხოლო ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ის საკმარისი რაოდენობის ადამიანისთვის უნდა უზრუნველყონ; არსებობს საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავების მეორე, უფრო მძიმე გზა — საზოგადოების უმეტესობის პათოგენით დაინფიცირება ვირუსის წინააღმდეგ რეზისტენტულობას გამოიმუშავებს.
იქამდე როგორ გავძლოთ?
მრავალი ქვეყნის სტრატეგია ვირუსის გავრცელების დრამატულად შესაჩერებლად არის ხალხის მოძრაობის შეზღუდვა, ბიზნესებისა და სკოლების დახურვა, შეკრებების აკრძალვა და ხალხის სახლში დარჩენისკენ მოწოდება. იდეა კი ისაა, რომ თავიდან ავირიდოთ ინფექციის უეცარი აფეთქება, რომელიც საავადმყოფოების გადავსებასა და უამრავი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. „მრუდის გაბრტყელება“ ნიშნავს იმას, რომ ბევრი შემთხვევა მოკლე დროში არ მოხდება, არამედ დროში იქნება გაწელილი, რითაც მთავრობებსა და ჯანდაცვის მუშაკებს დრო ეძლევათ მობილიზაციისა და რესურსების მომარაგებისთვის. ამაში შედის დაინფიცირებულის კონტაქტების მოძიება, დაავადებულებზე ზრუნვა, საავადმყოფოების გაფართოება, ვენტილატორების განაწილება, ინტენსიური თერაპიის ერთეულების გაზრდა და სხვა.
როდის მოიხსნება დაწესებული შეზღუდვები?
საზოგადოება ნორმალურ ცხოვრებას ძალიან სწრაფად ვერ დაუბრუნდება. შეზღუდვების ნაადრევი მოხსნა დაინფიცირებულების ახალი პიკის გაჩენის რისკია. ჩინეთის მთავრობამ პანდემიის პირველწყარო ქალაქი უხანი ორ თვეში გახსნა, როცა დაავადების გადაცემა ფაქტობრივად შეწყდა. თუმცა, ჩინეთის მიერ მიღებული ზომები ყველაზე მკაცრი იყო. ინგლისის ერთ-ერთმა წამყვანმა მედიკოსმა, ჯენი ჰერისმა განაცხადა, რომ შეზღუდვები ორი ან სამი, იდეალურ შემთხვევაში კი 6 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ინფექციური დაავადებების პროფესორის, ანელაის ვაილდერ-სმიტის განცხადებით კი, შეზღუდვები ძალაში უნდა დარჩეს იქამდე, ვიდრე ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად არ დაეცემა სულ ცოტა ორი კვირის განმავლობაში.
და შემდეგ?
აშშ-ს ჯანდაცვის სპეციალისტების და სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისიის ყოფილი წევრის, სკოტ გოთლიბის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სკოლები და ბიზნესი უნდა გაიხსნას, მაგრამ შეკრებები კვლავ შეზღუდული უნდა იყოს. ხალხს ისევ სოციალური დისტანციის დაცვისკენ უნდა მოვუწოდოთ, ხოლო მაღალი რისკის ქვეშ მყოფები კი გარეთ გასვლას მაქსიმალურად უნდა მოერიდონ. თუ შემთხვევათა რიცხვმა იმატა, შეზღუდვები კვლავ მწვავე იქნება. მათი ანგარიში American Enterprise Institute-მა გამოაქვეყნა და ბევრად უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევრებისა — მათი მოდელების მიხედვით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღებამდე დროის ორი-მესამედი ყველა ოჯახმა სკოლებთან, სამსახურებთან და ზოგადად საზოგადოებასთან 75 პროცენტით უნდა შეამციროს კონტაქტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ტესტების ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია. ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, რომ სულ ცოტა 750 ათასი ადამიანი გატესტოს კვირაში.
რატომ არის ტესტირება მნიშვნელოვანი?
ეს ვირუსი ძალიან დიდ ზარალს გვაყენებს არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით მომაკვდინებელია, არამედ იმიტომ, რომ ის უსიმპტომოდ ვრცელდება. მრავალი დაინფიცირებული ადამიანი კარგად გრძნობს თავს და უპრობლემოდ აკეთებს თავის ყოველდღიურ საქმეს, რის გამოც უნებურად სხვებსაც აავადებს. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უამრავი ადამიანისთვის იყოს ტესტი ხელმისაწვდომი; ასევე აუცილებელია, რომ ნებისმიერი სიმპტომის მქონე ადამიანი შემოწმდეს ინფექციაზე. ამ გზით, ინფექციის მატარებელი ადამიანები იზოლაციაში მოხვდებიან და ყველა იმ ადამიანის მოძიება მოხდება, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა და თუ საჭირო გახდა, მათაც კარანტინში მოათავსებენ. ეს კი საზოგადოებაში დაავადების გავრცელებას საგრძნობლად შეამცირებს. მეორე, სხვა სახის ტესტი კი ორგანიზმში ანტისხეულებს ეძებს და ადგენს, გადაიტანა თუ არა ადამიანმა ვირუსი. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ დიდი შანსია, რომ ის აღარ დაინფიცირდეს. გარკვეული დროით მაინც. ასეთი ტესტების ფართოდ ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, დადებითი პასუხის მქონე ადამიანებს შედარებით მეტად თავისუფლად მოძრაობის საშუალება ექნებათ.
რამდენი ხანი დასჭირდება ვაქცინის შექმნას?
მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით კომპანია და უნივერსიტეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით გარანტიას ვერც ერთი ვერ იძლევა. ვაქცინის შექმნა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია, რომელსაც უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დასადგენად რამდენიმე წლიანი ტესტირებები სჭირდება. კორონავირუსის წინააღმდეგ ომში მონაწილე მკვლევრები მის შექმნას 12-დან 18 თვეში გვპირდებიან, რაც საკმაოდ ამბიციური მიზანია. მეცნიერები წარსულში ნაცადი და გამართლებული მეთოდების გამოყენების გარდა, ახალ ტექნოლოგიებსაც სცდიან. მაგალითად, ისინი ცილების წარმოსაქმნელად ვირუსის გენეტიკურ მასალას ადამიანის უჯრედზე ათავსებენ, რაც შემდგომ იმუნურ პასუხს იწვევს. იმუნიზაციის ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ მთავრობები, მოქალაქეები და ინვესტორები ზედმეტად ოპტიმისტურად არ უნდა იყვნენ განწყობილნი. ზუსტად არ ვიცით, იმუშავებს თუ არა ეს მეთოდები, ჩაეტევიან თუ არა დათქმულ დროში ან სულაც საეჭვოა, დაამზადებენ თუ არა კომპანიები ყველასთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინას.
როგორი იქნება საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავება ვაქცინის გარეშე?
პირველ რიგში, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ დაავადების გადატანა უეჭველად ნიშნავს მის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას, რაც ჯერჯერობით უცნობია. ჯერჯერობით, ისიც არ ვიცით დაზუსტებით, მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა უნდა გადაიტანოს დაავადება, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამოგვიმუშავდეს. ზოგადად, ეს რიცხვი მაღალია. მაგალითად, დიფტერიის შემთხვევაში 75 პროცენტიია, ხოლო წითელას შემთხვევაში 91 პროცენტი. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩეველის, პატრიკ ველანსის გამოთვლებით, ეს დაახლოებით 60 პროცენტი იყო თებერვალში. კრიტიკულ ბარიერამდე მისაღწევად საჭირო დრო მთავრობების მიერ პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე იქნება დამოკიდებული. მკაცრი შეზღუდვების გარეშე, ეს უფრო სწრაფად მოხდება, თუმცა ზარალი დაავადებულებისა და გარდაცვლილების სახით ბევრად უფრო მეტი იქნება, რადგანაც ჯანდაცვის სისტემები ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლებს. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ინფიცირების რიცხვი დადასტურებულ შემთხვევებს ბევრად აღემატება. თუ ეს მართალია, ქვეყნები საზოგადოებრივ იმუნიტეტს იმაზე მალე გამოიმუშავებენ, ვიდრე ჩვენ გვგონია.
არსებობს სხვა ცვლადებიც?
შეიძლება გაგვიმართლოს და ვირუსი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის დადგომასთან ერთად სეზონური გრიპის მსგავსად გაუჩინარდეს. მოგეხსენებათ, სწორედ ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირებული. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა რამე ეფექტი თბილ ამინდს. ეპიდაფეთქება რომც ჩაცხრეს, დიდი ალბათობით ის შემოდგომაზე კვლავ დაბრუნდება. ზოგიერთი ექსპერტი ულტრაეფექტურ თერაპიაზე ან წამალზე ამყარებს იმედს.
მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით