რობერტ კობლიაშვილის ბრინჯაო | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო/ექსკლუზიური ინტერვიუები]
21:38, 27.10.2018
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა.
ნუგზარ წურწუმიას ბრინჯაოს შემდეგ, დღეს 87 კილოგრამი წონითი კატეგორიის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, რობერტ კობლიაშვილმა ბეკხარ ოზდოევს 4:2 მოუგო და ნაკრებს მეორე ბრინჯაო მოუპოვა.
კობლიაშვილისა და რუსი ბეკხან ოზდოევის დაპირისპირება, რუსის უპირატესობით დაიწყო და ერთ წუთში ქულითაც დაწინაურდა. ოზდოევმა უპირატესობა მალევე ორამდეც გაზარდა, თუმცა ამის შემდეგ კობლიაშვილმა პარტერში თავი დაიცვა და მეტოქეს უპირატესობის კიდევ უფრო განმტკიცების საშუალება არ მისცა.
შეხვედრის მეორე ნახევარში არბიტრებმა პარტერში უკვე ოზდოევი გადაიყვანეს და შესაბამისად ანგარიშიც 1:2 გახდა რობერტმა ამ ეპიზოდით მეტი სარგებლის მიღება ვერ შეძლო. დარჩენილ ორ წუთში, კობლიაშვილი კიდევ უფრო გააქტიურდა და სამი წამით დარე მეტოქეს ორი ქულაც აუღო. ამას რუსთა სამწვრთნელო შტაბის უშედეგო პროტესტიც მოჰყვა და 4:2 გამარჯვების შედეგად კვარცხლბეკზე ქართველი სპორტსმენი ავიდა.
მედლის მოპოვების შემდეგ რობერტ კობლიაშვილმა პირველი კომენტარი, ექსკლუზიურად პირველ არხთან გააკეთა.
კობლიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება დღეს დამამშვიდებელ რაუნდში მოიპოვა, ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი კი გუშინ დაკარგა.
შეგახსენებთ რომ ეს სპორტსმენები ერთმანეთს, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც შეხვდნენ და საბოლოოდ ოქრო კობლიაშვილს დარჩა.
მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ დასრულდება, თუმცა ლასლო პაპის არენაზე დასკვნით დღეს ქართველები აღარ იასპარეზებენ. დღეს საქართველოს სამივე წარმომადგენელი, წინასწარ ეტაპზევე დამარცხდა, თანაც ისე რომ ფინალამდე ვერც მათმა მომგებებმა მიაღწიეს და შესაბამისად ბრინჯაოს მედლის მოპოვების შნსიც დაიკარგა.
დღის ბოლოს ტურნირი პირველ არხთან, ასევე ექსკლუზიურად, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბექა როყვამაც შეაფასა.
სულ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ექვსი მედალი აიღეს. ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორიბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზეა. გიორგი იანტბელიძის გუნდი ამ შედეგით მესამე ადგილზე გავიდა. კლასიკური სტილით მოჭიდავეებმა კი როგორც უკვე აღვნიშნეთ ტურნირი ორი ბრინჯაოთი დაასრულეს.