კობლიაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა, წურწუმია ბრინჯაოსთვის ჭიდაობს
კობლიაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა, წურწუმია ბრინჯაოსთვის ჭიდაობს

ოქროს მედლისთვის ბრძოლას რობერტ კობლიაშვილიც გამოეთიშა და ხვალ ბრინჯაოსთვის იმ შემთხვევაში იჭიდავებს თუ მისი დამმარცხებელი, თურქი მეტეჰან ბაშარი, ფინალში გავა. მეოთხედფინალური მატჩი კობლიაშვილსა და ბაშარს შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ 1-1 დასრულდა, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ქულა თურქმა მოჭიდავემ აიღო, გამარჯვებაც მას დარჩა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონობისთვის ბრძოლას შმაგი ბოლქვაძეც გამოაკლდა. მან მერვედფინალში ირანელ მოჰამადალი გერაისთან წააგო. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ გერაიმ მოგვიანებით მეოთხეფინალური შეხვედრა დათმო, ბოლქვაძე ვერც ბრინჯაოსთვის ბრძოლას გააგრძელებს.

საქართველოს ჯერ კიდევ დარჩა იმის შანსი, რომ დღევანდელი დღე უმედლოდ არ დატოვოს: 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოსთვის ნუგზარ წურწუმია იჭიდავებს. მისი მეტოქე ჩინელი ლიგუო კაო იქნება.