ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმია (55კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან 4:13 წააგო, მაგრამ ტურნირზე ჩვენს გუნდს პირველი მედალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფალავანი 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

დღეს მსოფლიო პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები 60, 72 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაიმართა. საქართველოს ნაკრების სახელით ფრიდონ აბულაძემ (60 კგ), რამაზ ზოიძემ (72 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) იჭიდავეს და ყველა მათგანი ტურნირის ადრეულ ეტაპზე დამარცხდა. მსოფლიო პირველობაზე გამომსვლელი სამი სპორტსმენიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან მხოლოდ აბულაძე ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგრადში ორი დღის წინ დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო – გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედალთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაინაღდეს. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და მხოლოდ აშშ-სა და ირანს ჩამორჩა.